რას მოუწოდებს მიხეილ სარჯველაძე მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს და ყოფილ მაღალჩინოსნებს

რას მოუწოდებს მიხეილ სარჯველაძე მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს და ყოფილ მაღალჩინოსნებს

მივმართავ და მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მაღალი თანამდებობის ყოფილ პირებს, პოლიტიკოსებს, რომ თავი შეიკავონ ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი განცხადებებისგან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანთან ერთად, აუცილებლად შეძლებენ ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვას, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციას პროცესის ბოლომდე მიყვანას.

„მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან და სენსიტიურ საკითხს – დავით გარეჯის საქმეს, მის გარშემო განვითარებულ პოლიტიკურ სპეკულაციებს და მოვლენებს.

პირველ რიგში, დარწმუნებული ვარ, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებაც აქტიურად გაგრძელდება, საკითხის გარეშემო არც ერთი კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი და დამოუკიდებელი სასამართლო საბოლოო და ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს ყველა პირთან მიმართებაში, ვისაც შეიძლება, რაიმე ბრალი მიუძღოდეს ამ მძიმე საქმეში. თუმცა, ვიდრე ეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე დასასრულამდე მივა, ჩვენ, ისევე როგორც მთლიანად საზოგადოება, საკუთარი თვალით ვხედავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც შურისძიების, თუ ძალაუფლების ჟინით დაბრმავებული ჩვენი ოპონენტები დაჟინებით და ხელაღებით უმტკიცებენ ქართულ საზოგადოებას, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის“,- აცხადებს სარჯველაძე.

სარჯველაძის განცხადებით, მსოფლიოს ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, როგორი მძაფრი და უკომპრომისოც უნდა იყოს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დაპირისპირება, ყოველთვის არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი საკითხები, რომელთა ირგვლივაც საზოგადოების ეროვნული ერთსულოვნება, ამ სახელმწიფოს არსებობის საძირკველს წარმოადგენს.

„ჩვენს თვალწინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სრული გავლენის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური პარტიები, საკუთარი ქვეყნის უზენაესი ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო დაცვის ნაცვლად, მავნებლური პროპაგანდის გამოყენებით, გამორჩეული ხალისით, მონდომებითა და მიზანდასახულობით ებრძვიან თავიანთ სამშობლოსა და ისტორიას, რათა ჩამოაყალიბონ ხალხის, როგორც ხელისუფლების ძირითადი წყაროს, იმგვარი პოლიტიკური ნება, რომელიც როგორმე ბოლომდე მიიყვანს საქართველოს კუთვნილი, ძირძველი მიწების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის წლების წინ ჩაფიქრებულ გეგმას. თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მათი დაჟინებული მცდელობების მიუხედავად, მმართველი პარტია არავის მისცემს ამ მოღალატეობრივი განზრახვის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობას.

დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველისთვის ურთულესი საყურებელია, თუ როგორი ორგანიზებულობითა და გაშმაგებით ამტკიცებდნენ და ამტკიცებენ ყოფილი, თუ მოქმედი ქართველი პოლიტიკოსები, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, ამ გაუგონარ აბსურდს. ყოვლად მიუღებელია, როცა ამას აბსოლუტური კატეგორიულობით ამტკიცებენ მოხელეები და პოლიტიკოსები, რომელთა პირდაპირი ვალდებულებაც იყო მაქსიმალურად დაეცვათ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის მუშაობის პროცესში.

სამწუხაროდ, ჩვენ საკუთარი თვალით ვხედავთ, თუ როგორი გააფთრებით ცდილობენ ჩვენივე თანამოქალაქეები სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით დამტკიცებული 1938 წლის რუკის უარყოფას. არავალიდურ დოკუმენტად შერაცხვას და იმ მტკიცებულების დეზაუირებას, რომელიც ცალსახად ადასტურებს ისტორიულ-სამართლებრივ ფაქტს, რომ დავით გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია! ამ ფონზე, როდესაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დადგენის პროცესი არ დასრულებულა, უპასუხისმგებლო და, შეიძლება ითქვას, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, როგორც 2005-2006-2007-2008 წლებში, ისე დღეს, და იმ აბსურდის მტკიცება, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის, საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში შეიძლება წარმოდგენილი იქნას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მტკიცებულებად. ეს არის საქართველოს მომავალი სახელმწიფო დელეგაციის განიარაღების მიზანმიმართული მცდელობა, რამაც მოლაპარაკების პროცესში ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.

ამიტომ, მივმართავ და მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს, პოლიტიკოსებს, რომ თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი განცხადებებისგან და ერთი შეხედვით ხელისუფლების დაზიანების მიზნით წარმოებული აბსურდული პროპაგანდით, ნუ დააზიანებენ ქართულ სახელმწიფოს. მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანთან ერთად, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვას, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციას პროცესის ბოლომდე მიყვანას და მთელი ეს პროცესი აუცილებლად წარიმართება ისე, როგორც მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას შეეფერება“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები