რაგბის სჭირდება შემდგომი მხარდაჭერა, განვითარება და მთავრობა ამისთვის ყველაფერს აკეთებს

რაგბის სჭირდება შემდგომი მხარდაჭერა, განვითარება და მთავრობა ამისთვის ყველაფერს აკეთებს

„სპორტზე საუბრისას, მარტო ხასიათი და მარტო შემართება არ არის საკმარისი, სპორტის განვითარებას სჭირდება მხარდაჭერა, თანადგომა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაგბის ჩვენს ქვეყანაში ამხელა მხარდაჭერა და თანადგომა აქვს”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფონდ „ქართუსგან” რაგბის კავშირისთვის სამი ახალი, ულტრათანამედროვე სარაგბო კომპლექსის გადაცემის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
​ირაკლი კობახიძის თქმით, რაგბი ახლოსაა ქართველების მებრძოლ სულთან და შემართებასთან.
“რაგბი ძალიან ახლოს არის ჩვენს ხასიათთან, ქართველების მებრძოლ სულთან, შემართებასთან და ამიტომ არის, რომ ძალიან გვიყვარს სპორტის ეს სახეობა, ამიტომ არის, რომ ვფიქრობთ, რომ რაგბი არის ნამდვილად ჩვენი თამაში.
თუმცა მარტო ხასიათი და მარტო შემართება არ არის საკმარისი, როდესაც სპორტზეა საუბარი. სპორტის განვითარებას სჭირდება, მხარდაჭერა, თანადგომა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაგბის აქვს ამხელა მხარდაჭერა და  თანადგომა ჩვენს ქვეყანაში”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განცხადებით, თაობის ცვლასთან ერთად, ქართული რაგბი კიდევ უფრო ვითარდება და სპორტის ამ სახეობაში, ქვეყანა უფრო მეტ წარმატებას აღწევს.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ რაგბის შემდგომი მხარდაჭერა, განვითარება სჭირდება, რისთვისაც მთავრობა ყველაფერს აკეთებს.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ფონდ „ქართუს” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, ფონდის პრეზიდენტ ნიკო ჩხეტიანს და რაგბის კავშირს მადლობა გადაუხადა.

“ამ წლების განმავლობაში, რაგბი მუდმივად ვითარდებოდა საქართველოში, ქართულ რაგბიში, ჩვენს ნაკრებში,  იცვლებოდა თაობები და თაობის ცვლასთან ერთად, ჩვენი რაგბი კიდევ უფრო ვითარდებოდა და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვაღწევთ ჩვენ სპორტის ამ სახეობაში. რა თქმა უნდა, რაგბის სჭირდება შემდგომი მხარდაჭერა, შემდგომი განვითარება და ძალიან კარგია, რომ მთავრობა ამისთვის ყველაფერს აკეთებს.  პირადად პრემიერს, რომელიც არის რაგბის განსაკუთრებული ქომაგი, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა. განსაკუთრებული მადლობა ფონდ „ქართუს”, მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის ხელმძღვანელობას, ნიკო ჩხეტიანს . მადლობა მინდა, გადავუხადო რაგბის კავშირს, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს რაგბის განვითარებაზე და რომელსაც სული და გული აქვს ჩადებული სპორტის ამ სახეობის განვითარებაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სარაგბო კომპლექსის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ სპორტის განვითარება, კონკრეტული სპორტული წარმატების გარდა, ერის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობასაც ნიშნავს.
„მინდა განსაკუთრებულად მივესალმო ბავშვებს. ბავშვებში არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პოტენციალი და ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება იმ კუთხითაც, რომ ეს ყველაფერი ნიშნავს, გარდა კონკრეტული სპორტული წარმატებისა, რა თქმა უნდა, ჩვენი ერის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილებს მიმართეს და სარაგბო კომპლექსის გახსნა მიულოცეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ,  საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ და ფონდ „ქართუს” პრეზიდენტმა, ნიკო ჩხეტიანმა.
დღესვე, ფონდ “ქართუსა” და რაგბის კავშირის პრეზიდენტებმა, ნიკოლოზ ჩხეტიანმა და გოჩა სვანიძემ  ინფრასტრუქტურის გადაცემის შესაბამის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
ქართულ სარაგბო ინფრასტრუქტურას შეემატა ორი ახალი ბაზა თბილისში, ერთი კი თელავში.
ახალი სარაგბო კომპლექსების ინვესტიციის ჯამური მოცულობა 18 800 000 ლარზე მეტია. ყველა კომპლექსს აქვს ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნები. თბილისში ტრიბუნები 2 344 მაყურებელზეა გათვლილი, თელავის კომპლექსის ტრიბუნები კი 2 244 მაყურებელს იტევს.
სარაგბო კომპლექსებში ასევე, გათვალისწინებულია: ყინულის და საცურაო აუზები, ძალოსნობისდარბაზები, ღია სარეკრეაციო ზონები, ვიდეოანალიზის ოთახი, საკომენტატორო ოთახები, საკონფერენციო სივრცეები, ექიმისა და დოპინგკონტროლის ოთახები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები