რა მითები არსებობს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის შესახებ?

რა მითები არსებობს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის შესახებ?

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ხელმისაწვდომი გახდა, მათ შესახებ სულ უფრო მეტი მონაცემი დაგროვდა. გასაკვირი სულაც არ არის, რომ ინფორმაციის ამ უსასრულო ნაკადმა საზოგადოების ნაწილში გაურკვევლობა შექმნა და სახალისო ჭორებისთვისაც ნოყიერი ნიადაგი წარმოქმნა. Deutsche Welle-მ აცრის შესახებ ოთხი ყველაზე გავრცელებული მითი  გამოავლინა და მათი უარმყოფელი არგუმენტებიც წარმოადგინა.

მითი # 1: რნმ ვაქცინები ადამიანის დნმ-ს ცვლის. DW-ს ფაქტჩეკი: ეს სიმართლეს არ შეესაბამება!

ბევრს აბნევს სიტყვების – დნმ-ისა და რნმ-ის მსგავსება და ის ფაქტიც, რომ ორივე მაკრომოლეკულა გენეტიკურ ინფორმაციასთან არის დაკავშირებული. ასეა თუ ისე, ეს ერთი და იგივე სულაც არ არის. დნმ-ი იგივე დეოქსირიბონუკლეინის მჟავა სამი ძირითადი მაკრომოლეკულიდან (დანარჩენი ორი არის რნმ და ცილები) ერთ-ერთია. ის პასუხისმგებელია ცოცხალი ორგანიზმების განვითარების გენეტიკური პროგრამის შენახვასა და გადაცემაზე თაობიდან თაობაში. ამავდროულად, დნმ-ი ინახავს ბიოლოგიურ ინფორმაციას გენეტიკური კოდის სახით, რომელიც ნუკლეოტიდებისგან შედგება. მეორე მთავარი მაკრომოლეკულა რნმ იგივე რიბონუკლეინის მჟავა ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენების კოდირებაში, მათ წაკითხვასა და რეგულირებაში. გარდა ამისა, რნმ-ი პასუხისმგებელია ცოცხალ ორგანიზმებში ცილების სინთეზის დაპროგრამებაზე. შესაბამისად, დნმ-ის „სამშენებლო გეგმების“ რეალიზაციას სწორედ ის უზრუნველყოფს.

ზოგიერთი ვირუსის, მათ შორის SARS-CoV-2-ის, გენეტიკური მასალაც რიბონუკლეინის მჟავით არის წარმოდგენილი. ცოცხალი ორგანიზმების უჯრედებში გამრავლებისთვის ვირუსები სწორედ მას იყენებენ. თუმცა ადამიანის ორგანიზმი სპაიკ-ცილების მეშვეობით „დამპყრობელს“ ცნობს. შესაბამისად, ის წარმოქმნის T-უჯრედებსა (T-ლიმფოციტებს) და ანტისხეულებს, რომლებიც ვირუსს ანადგურებენ.

სპეციალისტების განმარტებით, აცრის მიზანია იმუნური პასუხის გაცემა პათოგენზე ისე, რომ SARS-CoV-2-ის ვირუსი ორგანიზმში არ მოხვდეს. ამიტომაც რნმ ვაქცინა სხეულს მის მხოლოდ მცირე ფრაგმენტს „აწვდის“. ეს არის სინთეზურად დამუშავებული რნმ-ის ნაწილი, რომლის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგაც გენეტიკური მექანიზმი, ვირუსული ცილის წარმოქმნის მიზნით, შესაბამის „ინსტუქციას“ მიჰყვება. ამის შედეგად ვირუსული ცილა უჯრედის ზედაპირზე გამოიყოფა და იმუნურ სისტემას პათოგენზე რეაგირებისთვის ასტიმულირებს.

თუმცა კორონავირუსის რნმ-ს უჯრედის ბირთვზე წვდომა არ აქვს, ამიტომაც მას ჩვენს გენომში მოხვედრა და მასთან შერევა არ შეუძლია. მას შემდეგ, რაც ორგანიზმი ანტისხეულებს გამოიმუშავებს, უჯრედი პათოგენის გამოყენებულ რნმ-ს ანადგურებს.

ბონის უნივერსიტეტთან არსებული ძირითადი ბიოსამედიცინო კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ვალდემარ კოლანუსმა DW- სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ მხრივ, რნმ ვაქცინები გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე – ნამდვილი ვირუსული გენომი.

მითი # 2: კორონავირუსის აცრა ქალებში უშვილობის რისკს ზრდის. DW-ს ფაქტჩეკი: ეს ტყუილია!

ამ მითის საფუძველი გახდა ევროპის წამლის სააგენტოსადმი (EMA) გაგზავნილი ანტივაქსერების წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ აცრის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულები რეაგირებენ არა მხოლოდ კორონავირუსის სპაიკ-ცილაზე, არამედ მის მსგავს სხვა ცილაზეც. ეს, მათი თქმით, არის სინტიცინი -1. სწორეს ეს პროტეინი არის აუცილებელი, რათა საშვილოსნოში პლაცენტა ჩამოყალიბდეს. ანტივაქსერთა განცხადებით, BioNTech / Pfizer– ით აცრის შედეგად ჩამოყალიბებული იმუნიტეტი სინტიცინი-1-ის აქტივობას ახშობს და შესაბამისად, უნაყოფობას იწვევს.

”არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ეს მოსაზრება თავშივე უსაფუძვლოა”, – აცხადებს იენის საუნივერსიტეტო კლინიკის პლაცენტის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი უდო მარკერტი. უპირველეს ყოვლისა, კორონავირუსის სპაიკ-ცილისა და სინტიცინი -1-ის მსგავსება მინიმალურია. ის მხოლოდ და მხოლოდ 0,75 პროცენტს შეადგენს.

უდო მარკერტის თქმით, კიდევ ერთი ლოგიკური შეუსაბამობა, რომელიც აცრის შემდეგ უნაყოფობის მითის აბსურდულობას ადასტურებს, არის ის, რომ ქალის ორგანიზმში კორონავირუსით ინფიცირებისას გაცილებით მეტი სპაიკ-ცილაა, ვიდრე – ვაქცინაციის შედეგად. მეცნიერის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, ”რომ SARS-CoV-2 ინფექცია უნაყოფობის გაცილებით სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე – აცრა”. ამავდროულად, მარკერტი დასძენს, რომ 2002-2003 წლებში ატიპური პნევმონიის მასობრივი გავრცელების შედეგად SARS-ით ინფიცირებულ ქალებს უნაყოფობის არანაირი რისკი არ აღენიშნებოდათ. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ აღნიშნული ვირუსისა და  SARS-CoV– 2-ის სპაიკ- ცილები თითქმის იდენტურია.

დაბოლოს, ამ თემაზე თავისი დასკვნა გამოაქვეყნა დიდი ბრიტანეთის ფერტილურობის საკითხებზე მომუშავე საზოგადოებამაც. ”არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ან თეორიული საფუძველი იმის შესახებ, რომ კოვიდის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინას  ქალის ან კაცის ნაყოფიერებაზე ზემოქმედება შეეძლოს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მითი # 3: ვაქცინის შექმნა და მისი დამუშავება ძალიან სწრაფად მოხდა. DW-ს ფაქტჩეკი: ეს ასე არ არის.

როგორც წესი, ვაქცინის შემუშავებასა და სერტიფიცირებას 10-დან 15 წლამდე სჭირდება, გამონაკლის შემთხვევებში კიდევ უფრო მეტიც. კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინები კი პანდემიის დაწყებიდან ერთ წელიწადზე ნაკლები დროის შემდე გამოჩნდა. ერთი შეხედვით, გასაგებია, რომ აღნიშნული პრეპარატების შექმნის უჩვეულოდ მაღალი ტემპი გარკვეული კატეგორიის ადამიანებში უნდობლობას იწვევს. თუმცა ამ პროცესის სისწრაფე რამდენიმე, საკმაოდ ობიექტური გარემოებით აიხსნება.

პირველ რიგში, აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია უკვე არსებული ცოდნა. ვაქცინის დამუშავება  უკვე გამოკვლეულ ან გამოცდილ ტექნოლოგიებს ემყარება. ასე რომ, მეცნიერებმა თავიდანვე ბევრი რამ იცოდნენ სხვა კორონავირუსების შესახებ, რომლებიც იწვევენ ატიპურ პნევმონიას (2002-2003 წლები) ან MERS-ს (2012 წელი). ამ ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნაზე სპეციალისტები უკვე წინა ეპიდემიების დროს  მუშაობდნენ.

მეორე ფაქტორია ფინანსური მხარდაჭერა. SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთვის კოლოსალური თანხები გამოიყო, რაც საშუალებას აძლევდა მეცნიერებს მთელ მსოფლიოში სრულიად განსხვავებული მოცულობის რესურსით ემუშავათ. ამან მათ შესაძლებლობა მისცა, პროცესში ჩართულ მკვლევართა რაოდენობა გაეზარდათ, პარალელურად დიდი რაოდენობით კვლევები ეტარებინათ და სხვ.

მესამე ფაქტორი ტესტირების დაჩქარებული პროცესi იყო. არ არის სწორი იმის მტკიცება, რომ ვაქცინის გამოსაცდელი პერიოდი, როგორც წესი, დაახლოებით ათი წელს გრძელდება, – აცხადებს  BBC-სთან ინტერვიუში მარკ ტოშნერი. ეს არის მეცნიერი, რომელიც AstraZeneca-ს ვაქცინის შექმნაში მონაწილეობდა. მისი თქმით, დიდი დრო იხარჯება მოლოდინში: ეს ეხება ფულს, ტესტირების მონაწილეთა საჭირო რაოდენობასა და  ტესტების ჩატარების ნებართვას. პანდემიის პერიოდში კი გადამწყვეტი ფაქტორი დრო იყო, ამიტომ გარკვეული პროცესები პარალელურად მიმდინარეობდა. მაგალითად, ტესტირების პირველადი მონაცემები პროცესშივე მუშავდებოდა და არა მისი დასრულების შემდეგ. ვაქცინების შემუშავების რეკორდული დროის მიუხედავად, მათ რეგისტრაციას, ყოველ შემთხვევაში ევროპულ ბაზარზე, თან ახლდა ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ დაწესებული მკაცრი კონტროლის ყველა პროცედურა.

მითი # 4: დაავადების გადატანის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი უფრო უკეთ იცავს, ვიდრე – აცრის შედეგად. DW-ს ფაქტჩეკი: არასწორია!

უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, არავის აქვს გარანტია, რომ კოვიდინფიცირების შემთხვევაში ის დაავადებას მსუბუქ ფორმებში გადაიტანს. სტატისტიკის მიხედვით, საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანი ხვდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. უფრო მეტიც, სამწუხაროდ, არც ლეტალური შედეგია იშვიათი შემთხვევა.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს “პოსტკოვიდური სინდრომი”, რაც კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ გრძელვადიან და მძიმე შედეგებს გულისხმობს. ქრონიკული დაღლილობა ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანება, რაც “პოსტკოვიდური” პერიოდის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია, შეიძლება გამოუვლინდეთ იმ ადამიანებსაც, ვინც დაავადება  მსუბუქი ფორმით გადაიტანა.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რამდენ ხანს გრძელდება ეს შედეგები, – ამბობს DW-სთან ინტერვიუში რაინჰოლდ ფორსტერი, გერმანიის იმუნოლოგიის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. მისი განმარტებით, ის ადამიანები, ვინც აცრას კორონავირუსით ინფიცირებას არჩევენ, საკუთარ თავს დიდი რისკის წინაშე აყენებენ.

მეორე მიზეზი, რომელიც აცრის სასარგებლოდ მეტყველებს, არის ის, რომ იმუნური სისტემა ვაქცინაზე განსხვავებულად რეაგირებს, ვიდრე – რეალურად კორონავირუსით ინფიცირებაზე. ”აცრა მნიშვნელოვნად აძლიერებს ინფექციის საწინააღმდეგო გრძელვადიან იმუნიტეტს“, – ამბობს ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენი თავის პოდკასტში – Das Coronavirus-Update . ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ აცრის შემდეგ უფრო მეტი ანტისხეული წარმოიქმნება და ისინი ორგანიზმში უფრო დიდხანს რჩებიან.

სწორედ ამას ადასტურებს რეანჰოლდ ფორსტერის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი სამეცნიერო კვლევის შედეგები. მისი თქმით, ”საქმე ეხება აცრის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულების რაოდენობასა და ხარისხს. ხარისხი ძირითადად მათ აფინურობაშია. ეს იმას ნიშნავს, თუ რამდენად მჭიდროდ ეკიდება ანტისხეულები პათოგენის სპაიკ- ცილას და ამით თავად ინფექციას აფერხებს”. მკვლევართა დასკვნის მიხედვით, BioNTech / Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზის შემდეგ, ანტისხეულების რაოდენობაც და მათი აფინურობაც გაცილებით მეტია, ვიდრე თავად დაავადების გადატანის შემთხვევაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები