ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, სამი ახალგაზრდა დაიღუპა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, სამი ახალგაზრდა დაიღუპა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, სამი ახალგაზრდა დაიღუპა. „კვირას“ ინფორმაციით, ქუთაისელი ახალგაზრდები ბავშვობის მეგობრები იყვნენ. გარდაცვლილები 1997 წელს დაბადებული ბაქარ ზივზივაძე, 1999 წლის სექტემბერში დაბადებული გიორგი ხარატიშვილი და 1999 წლის 24 ივნისს დაბადებული ნიკუშა ჭანტურია არიან.
„მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ნიკუშა ჭანტურიას ეკუთვნოდა და თავად მართავდა.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ბაქარ ზივზივაძე ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა, ის პრეზიდენტის სტიპენდიანტი და უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტი იყო, რომელმაც რამდენიმე საერთაშორისო პროექტში მიიღო მონაწილეობა.
ზამთრის არდადეგების გამო ქუთაისში, ნიკუშა ჭანტურია და გიორგი ხარატიშვილი თბილისიდან ჩავიდნენ.
„კვირას“ ინფორმაციით, ჭანტურია და ხარატიშვილი თბილისში ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ თანაკლასელები იყვნენ. თავდაპირველად, სასწავლო დაწესებულებაში სწავლა გიორგი ხარატიშვილმა დაიწყო, მე-4 კლასში კი გიორგის ნიკუშა შემოუერთდა და თანაკლასელები იყვნენ. მათ საჯარო სკოლა 2016-2017 სასწავლო წელს დაასრულეს და იმავე წელს სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელეს.
ჭანტურიამ სწავლა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გააგრძელა, ხარატიშვილმა კი საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. ეს უკანასკნელი სწავლის პარალელურად ერთ-ერთ უსაფრთხოების საერთაშორისო კომპანიაში მუშაობდა.
საჯარო „სკოლა“ პროგრესში ამბობენ, რომ ჭანტურია და ხარატიშვილი ძალიან კარგად სწავლობდნენ და სკოლა წარჩინებით დაასრულეს.
ქუთაისში ტრაგედია 15 იანვარს, გამთენიისას მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად, სამივე მამაკაცი მანქანაში დაიწვა.
შს სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

წყარო:kvira.ge

 

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები