„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ წინასაარჩევნო დანაპირები შევასრულოთ“-რიმა ბერაძე

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ წინასაარჩევნო დანაპირები შევასრულოთ“-რიმა ბერაძე

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ წინასაარჩევნო დანაპირები შევასრულოთ“,- განაცხადა თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე. შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი და გამგებლის მოადგილეები ესწრებოდნენ.

რიმა ბერაძის განცხადებით, 2018 წლის თბილისის ბიუჯეტში ჩუღურეთის რაიონისთვის 15 მილიონი ლარია გამოყოფილი. დეპუტატის თქმით, ბიუჯეტში 39 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი. რიმა ბერაძემ მოსახლეობას სოციალური პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„მართალია ეს თანხა საკმარისი არ არის ყველა პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა მაინც ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას შევძლებთ. ჩუღურეთის რაიონში 3-ათასამდე სახლია გასარემონტებელი და 545 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია გასამაგრებელი. ეტაპობრივად მოვახერხებთ ყველა პრობლემის მოგვარებას“,- აღნიშნა შეხვედრაზე რიმა ბერაძემ.

რიმა ბერაძემ შეხვედრაზე ჩუღურეთის რაიონში სოციალური სახლის აშენების და  ფონდის დაარსების შესახებ ინიციატივა გამოთქვა.

„გპირდებით ჩემი სახელით,  ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყოველდღიურად ვიყოთ ჩართული თქვენი პრობლემების და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის საქმეში“,- განაცხადა შეხვედრაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მაჟორიტარი დეპუტატის და ამომრჩევლის ერთიანობა და აქტიურობა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მაჟორიტარმა დეპუტატმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ინფრასტრუქტურული სამუშაოების და ტრანსპორტის შესახებ მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს.

ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობას ახალი მოწვევის საკრებულოს რეგლამენტში შესული ცვლილებების ფარგლებში შეხვდა, რომლის მიხედვითაც  მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო წარმომადგენლობად გადაკეთდა.  ახალი ორგანოს ფარგლებში, მაჟორიტარი დეპუტატი 3 თვეში ერთხელ უნდა შეხვდეს წარმომადგენლობის წევრებს და მიაწოდოს ინფორმაცია  უკვე შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები