“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, რომ სწრაფად გამოვიდეთ პანდემიით შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან”

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, რომ სწრაფად გამოვიდეთ პანდემიით შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან”

ჩვენი ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნება, რა თქმა უნდა, ჩვენი სიძლიერეა. ჩვენი რეგიონის – კავკასიის ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეა, ჩვენ საქართველოში ყოველთვის ვახერხებდით და მომავალშიც მოვახერხებთ, რომ მშვიდ გარემოში, მშვიდობიანად ყველამ ერთად ვიშრომოთ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ და იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სამველ მანუკიანის წარდგენაზე, ახალქალაქში განაცხადა.

მისი თქმით, 2013 წელს ახალქალაქის საბიუჯეტო შემოსავლები იყო 390 ათასი ლარი, წელს უკვე საბიუჯეტო შემოსავლებმა 10 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ ახალქალაქში შრომობენ, ახალქალაქში ადამიანები ქმნიან ახალ ბიზნესს, ახალ საწარმოებს, ახალქალაქში გლეხი ხდება ძლიერი ფერმერი. სახელმწიფო, როგორც აქამდე ედგა ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, გლეხებს რა თქმა, უნდა ასევე გააგრძელებს მათ გვერდში დგომას, სახელმწიფოს სხვადასხვა მხარდაჭერის პროგრამით – ეს არის სოფლის მეურნეობის პროგრამები, ეკონომიკის სამინისტროს პროგრამები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები გლეხობიდან გადავიდნენ ძლიერ ფერმერობაზე, რომ შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები და ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, მინიმუმ 20 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

„გზები საკმაოდ რთულ ვითარებაშია, განსაკუთრებით ახალციხე-ახალქალაქის დამაკავშირებელი გზა, რომლის რეკონსტრუქცია სულ მალე დასრულდება. კარგ მდგომარეობაშია და შემდგომი განვითარება სჭირდება ახალქალაქი-ნინოწმინდის გზას. შიდა გზები ახალქალაქში, რა თქმა უნდა, წესრიგშია მოსაყვანი. ახალქალაქის ეს ძველი, ისტორიული ციხე-სიმაგრეც აღსადგენია, რომ ტურისტებისთვის მიზიდულობის ძალა გახდეს. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, მაგრამ მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დიდი სხვაობა არ უნდა იყოს, თუ სად ცხოვრობს ადამიანი – ახალქალაქში, ახალციხეში, ბათუმში, თბილისსა თუ რუსთავში, ერთი და იგივე დონე უნდა გვქონდეს ყველას იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი მოქალაქეების განვითარება, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის ძირითადი მიზანია ღირსეული სამუშაო ადგილები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეძლონ ღირსეული შრომით არჩინონ თავიანთი ღირსეული ოჯახები.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, სწრაფად უნდა გამოვიდეთ ამ ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც პანდემიით არის გამოწვეული და გლობალურია. ჩვენ საკმაოდ კარგად მივდივართ, უნდა დავიცვათ წესები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები აღვადგინოთ რაც შეიძლება სწრაფად. ამისთვის ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და ეს გამარჯვება გვჭირდება 31 ოქტომბერს. ეს გამარჯვება არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, ეს იქნება ახალქალაქის გამარჯვება და ეს იქნება ჩვენი საერთო, მშვიდობიანი, წარმატებული მომავლის გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ!“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები