“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს გადასასვლელი გაიხსნება”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დანარჩენ საქართველოს ე.წ. საზღვრის დროებით ჩაკეტვის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა ადგილობრივ მოსახლეობას, ისედაც შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობის ფონზე, დამატებით პრობლემებს უქმნის.
„ძალიან სამწუხარო და ცუდი პრაქტიკაა, როდესაც სხვადასხვა თარიღებთან დაკავშირებით ხდება ერთადერთი გადასასვლელის ჩაკეტვა, რომლითაც ადამიანებს საერთოდ ერთმანეთთან კონტაქტის შესაძლებლობა აქვთ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სხვათა შორის, პირველ რიგში ცხინვალის რეგიონის და მისი მოსახლეობისათვის. ასეთ პრაქტიკას ადგილი აქვს 2008 წლიდან მოყოლებული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს გადასასვლელი გაიხსნება, შეუძლებელია, ჩაიკეტოს დიდი ხნით, მაგრამ ის პერიოდი, როდესაც ხდება ამ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა, უკვე დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, ისედაც შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობების ფონზე“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ცნობისათვის, 22-დან 24 ნოემბრის ჩათვლით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, „რესპუბლიკაში სიმამაცისა და სახალხო ერთიანობის დღე აღინიშნება, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა კი სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარების პერიოდში უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება“.
მსგავსი სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ცენტრის – „პეგასის“ მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო

იან კელმა კომენტარი გააკეთა შეკითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონის შეხვედრების დღის წესრიგში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.
