„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, შეხვედრაზე ყველა მიმდინარე საკითხზე იქნება მსჯელობა, მათ შორის მოლაპარაკებების პროცესზე.

მისი თქმით, განხილულ თემებზე კომენტარები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

დღის წესრიგის მიხედვით, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ დაგეგმილია უმრავლესობის სხდომაც, რომელიც 13:00 საათზეა ჩანიშნული. ამ სხდომაზეც ერთ-ერთი განსახილველი თემა სავარაუდოდ იქნება მოლაპარაკებების პროცესი.

როგორც ცნობილია, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მომავალი კვირიდან განახლდება, მას შემდეგ, რაც საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი. შვედი დიპლომატი საქართველოში დღეს ღამით ჩამოფრინდება, თუმცა მხარეებთან შეხვედრების განახლებას დანიელსონი, ამ დროის მონაცემებით, ორშაბათიდან გეგმავს.

დეტალურად რა საკითხებს განიხილავენ მმართველი გუნდის წევრები, ჯერ პოლიტსაბჭოს, ხოლო შემდეგ უმრავლესობის სხდომის ფორმატებში შეხვედრების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რადგან როგორც ცნობილია, სწორედ ამის შემდეგ იგეგმება „ქართული ოცნების“ ოფისში მედიასთან კომენტარების გაკეთება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები