„ქართული ოცნების“ ახლანდელი გუნდი, უწინდელთან შედარებით, ძირეულად განსხვავებული და განახლებულია-ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ ახლანდელი გუნდი, უწინდელთან შედარებით, ძირეულად განსხვავებული და განახლებულია-ბიძინა ივანიშვილი
  • საქართველო პატარა, მაგრამ გავლენიანი, წარმატებული და მისაბაძი დემოკრატიაა, და არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც
  • ოპოზიციის მიზანდასახული მონდომების საპირისპიროდ, ჩვენ კვლავაც გვაქვს მთავარი სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების უცვლელი, მზარდი და მძლავრი მხარდაჭერა
  • თავს უფლება მივეცით და დავიწყეთ განათლების უდიდესი მასშტაბის რეფორმა, რადგან გვჯერა, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ
  • „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ხალხის ტირანიისგან დაცვის, ხელისუფლების დემოკრატიული კონტროლისა და გარანტირებული შეკავების საიმედო კონსტიტუციურ-სამართლებრივი სისტემა
  • დღეს საქართველოს ხელისუფლება გაწონასწორებული და დაბალანსებულია, არავის აქვს ზომაზე მეტი, ჭარბი და გადამეტებული ძალაუფლება

„ქართული ოცნების“ ახლანდელი გუნდი, უწინდელთან შედარებით, ძირეულად განსხვავებული და განახლებულია. პირადად ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ არა ახალბედა და მერყევი, არამედ პირიქით, პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილი და გამოცდილი, ევრო-ატლანტიკური ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის მტკიცედ გამზიარებელი, გამორჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, ხალხის სამსახურში მყოფი, ერთგული, ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანების მყარი ერთობაა, რომელიც სამშობლოს სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით, ინტელექტით, საკუთარი მოქალაქეებისადმი თანაგრძნობითა და პროფესიონალიზმით, არც ერთი შეფასების ნიშნითა თუ კრიტერიუმით არ ჩამოუვარდება ევროპული ქვეყნების მთავრობებს”,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს.

ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ გაუძლო პოლიტიკურ ბრძოლას ყოველგვარი ეთიკური ნორმებისა და წესების გარეშე.

მისი თქმით, პარადოქსული და უპრეცედენტოა, რომ რაც მეტ წარმატებას აღწევდა ხელისუფლება და ქვეყანა, კიდევ უფრო განრისხებულად, არაკონსტრუქციულად და მტრულად მოქმედებდა ოპოზიცია.

როგორც ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე აცხადებს, ოპოზიციის მიზანდასახული მონდომების საპირისპიროდ, კვლავაც გვაქვს მთავარი სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების უცვლელი, მზარდი და მძლავრი მხარდაჭერა.

,,მინდა შეგახსენოთ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ გუნდის ფორმირება მიმდინარეობდა გაწბილებული და ყავლგასული პარტიისა და მისი განშტოებების მხრიდან გამუდმებული უსამართლო თავდასხმებისა და იერიშების თანხლებით. ჩვენ გავუძელით პოლიტიკურ ბრძოლას ყოველგვარი ეთიკური ნორმებისა და წესების გარეშე. პარადოქსული და უპრეცედენტოა, რომ რაც მეტ წარმატებას აღწევდა ხელისუფლება და ქვეყანა, კიდევ უფრო განრისხებულად, არაკონსტრუქციულად და მტრულად მოქმედებდა ოპოზიცია. მთელმა საზოგადოებამ ნათლად იხილა, როგორ ჯიუტად ცდილობდა ოპოზიცია, შეესუსტებინა მსოფლიოში საქართველოს ავტორიტეტი და სანდოობა, ყალბი და გამოგონილი ინფორმაციებით აეზვირთებინა ხალხი, დაეთესა საზოგადოებაში განხეთქილება, შუღლი და დაპირისპირება. თუმცა, ყველა მათი სახელმწიფოსათვის საზიანო მოქმედება საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის შემდგომი გაძლიერებისა და გაორმაგებული მუშაობისათვის ერთგვარი ბიძგი და სტიმული აღმოჩნდა. ოპოზიციის მიზანდასახული მონდომების საპირისპიროდ, ჩვენ კვლავაც გვაქვს მთავარი სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების უცვლელი, მზარდი და მძლავრი მხარდაჭერა. საქართველო პატარა, მაგრამ გავლენიანი, წარმატებული და მისაბაძი დემოკრატიაა, და არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. მრავალი ობიექტური თუ ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველომ დინჯი და უშეცდომო ნაბიჯებით, იმ პირობებში, როცა მსოფლიო და, მათ შორის, ჩვენი რეგიონი ბევრად საშიში, არაგანჭვრეტადი და ნაკლებად კონსოლიდირებული გახდა, შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენმა ქვეყანამ გეოპოლიტიკური რყევებისა და მოკავშირეებისათვის დამატებითი პრობლემების შექმნის გარეშე, უზრუნველყო საკუთარი ევრო-ატლანტიკური ინტერესებისა და ამოცანების ხელშესახებად წინ წაწევა. მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, შევქმენით სიღარიბის დამარცხებისა და სწრაფი ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი საფუძვლები, თავს უფლება მივეცით და დავიწყეთ განათლების უდიდესი მასშტაბის რეფორმა, რადგან მტკიცედ გვჯერა, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ, რომელიც კეთილდღეობაზე გადის. ქართული ეკონომიკა დღეს სწორი და ოპტიმისტური მიმართულებით მოძრაობს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მკვეთრად შეკვეცა შიდა და გარე ინვესტორების აქტივობა. სამეწარმეო საქმიანობისა და კონკურენციისათვის ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად თავისუფალი და ტოლერანტული გარემო. ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ბიზნესში მთავრობის ფავორიტიზმს და ხელისუფლების გამდიდრებისათვის შექმნილ მონოპოლიებს. „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ხალხის ტირანიისგან დაცვის, ხელისუფლების დემოკრატიული კონტროლისა და გარანტირებული შეკავების საიმედო კონსტიტუციურ-სამართლებრივი სისტემა. სამუდამოდ დავასრულეთ პოლიტიკის ფორმირებაში სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურების არაპროპორციული მონაწილეობის პრაქტიკა, რომელზეც ძირითადად დაფუძნებული იყო წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობა. დღეს საქართველოს ხელისუფლება გაწონასწორებული და დაბალანსებულია, არავის აქვს ზომაზე მეტი, ჭარბი და გადამეტებული ძალაუფლება. თითოეულ სახელისუფლებო შტოს აქვს მკაცრად განსაზღვრული და შემოფარგლული უფლებამოსილებები. დღეს ჩვენ გვყავს მოამაგე, მეგობრული და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება. ქვეყნის ფუნდამენტურმა დემოკრატიულმა ტრანსფორმაციამ და კარგად გააზრებულმა რეფორმებმა, რომლებსაც საფუძველი ჩაუყარა 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიულმა გამარჯვებამ, მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა საქართველოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრესის შეუქცევად პროცესს“,- ნათქვამია წერილში.

ბიძინა ივანიშვილის წერილი სრულად იხილეთ ამ ბმულზე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები