ქართული არმიის შეიარაღებაში მომავალი წლიდან ფრანგული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „მისტრალები“ გამოჩნდება

ქართული არმიის შეიარაღებაში მომავალი წლიდან ფრანგული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „მისტრალები“ გამოჩნდება

ქართული არმიის შეიარაღებაში მომავალი წლიდან ფრანგული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „მისტრალები“ გამოჩნდება. ამის შესახებ სააგენტო ipn-ი წერს.

მათივე ინფორმაციით, ქართულ-ფრანგული შეთანხმება საჰაერო თავდაცვის საშუალებების შესყიდვის თაობაზე 2015 წელს გაფორმდა, თუმცა ამ დრომდე ისიც არ იყო ცნობილი, კონკრეტულად რომელი ფრანგული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენას მოაწერა ხელი ქართულმა მხარემ.

„ევროპული, არაოფიციალური წყაროებით, 2018 წელს ქართული არმიის შეიარაღებაში უნდა გამოჩნდეს “მისტრალები” – მცირე რადიუსის მოქმედების ფრანგული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები.

ფრანგული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „მისტრალი“ გათვლილია მცირე სიმაღლეზე მფრენი მოწინააღმდეგის თვითმფრინავებისა და შვეულმფრენებისგან დასაცავად. “მისტრალების” მეზენიტეებს, კომპლექსის მცირე გაბარიტების გამო, საშუალება ექნებათ, ოპერატიულად იცვალონ საცეცხლე პოზიციები, კარგად შეინიღბონ და ჩასაფრდნენ იმ ადგილებში, რომელთა სიახლოვეს მოწინააღმდეგის საბრძოლო ავიაციის დაბალ სიმაღლეზე ფრენაა მოსალოდნელი.

ამასთან, კონტრაქტი ითვალისწინებს მესამე მოდიფიკაციის “მისტრალების” მოწოდებას, რომელთა ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გაუმჯობესებულია. ფრანგული “მისტრალი” რუსული “იგლასა” და ამერიკული “სტინგერის” კლასის არის, თუმცა საზენიტო რაკეტას მებრძოლი სპეციალურ სადგამზე დამაგრებული კომპლექსიდან ისვრის და არა – მხრიდან, როგორც “სტინგერსა” და “იგლას”, ამიტომაც ხელით მისი ოპერატიულად გადატანა ცოტა ძნელია, მაგრამ ქართული მხარე ფრანგულ “მისტრალებს” მაღალი გამავლობის მანქანებზე დამონტაჟებულს მიიღებს, რაც გაზრდის ამ საზენიტო საშუალებების მობილურობას.

„მისტრალი“ ფრანგულმა არმიამ შეიარაღებაში 1988 წელს მიიღო და დღემდე დაახლოებით 16 ათასი საზენიტო რაკეტაა გამოშვებული. კომპლექსი შეიარაღებაში აქვს მსოფლიოს 25 ქვეყანას. ამჟამად აწარმოებენ მის გაუმჯობესებულ ვარიანტს – Mistral-3-ს.

“მისტრალის” ინფრაწითელ დამიზნებისთავიან 18,7 კგ მასის საზენიტო რაკეტას 1500 კმ/სთ სიჩქარით მფრენი საჰაერო ობიექტების დაზიანება/ჩამოგდება 500-დან 6000 მ-მდე მანძილისა და 5-დან 3000 მ-მდე სიმაღლის დიაპაზონში შეუძლია. 3 კგ მასის საბრძოლო ნაწილში ერთი კგ ჰექსოგენი და 1 500 ცალი ვოლფრამის პატარა ბურთულაა მოთავსებული. რაკეტა აღჭურვილია კონტაქტური და უკონტაქტო (ლაზერული) ამფეთქებლებით.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები