ქართულ ფილმს „8 წუთი“, რომელმაც უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა და ოსკარის ნომინაციაზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს

ქართულ ფილმს „8 წუთი“, რომელმაც უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა და ოსკარის ნომინაციაზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს

ქართულ ფილმს „8 წუთი“, რომელმაც უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა და ოსკარის ნომინაციაზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს, ქართველი მაყურებელი, სავარაუდოდ, დეკემბერში, თბილისის კინოფესტივალზე იხილავს.

როგორც „პირwელს“ ფილმის ერთ-ერთმა რეჟისორმა გიორგი გოგიჩაიშვილმა განუცხადა, სანამ ფილმი ფესტივალებზე მოგზაურობს, მისი ღია ჩვენება იკრძალება, ამიტომ კინოთეატრებში გარკვეული დროის მანძილზე ღია ჩვენება ვერ შედგება.

„თუმცა თბილისის კინოფესტივალის ორგანიზატორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და შესაძლოა, დეკემბერში თბილისში კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართოს „8 წუთის“ ჩვენება“, – აცნობა „პირველს“ ფილმის რეჟისორმა.

გიორგი გოგიჩაიშვილის ცნობით, ფილმი უკვე მიწვეულია გერმანიის, იტალიის, ირლანდიის, მექსიკისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის კინოფესტივალზე.

რეჟისორის თქმით, მანჰეტენის კინოფესტივალმა ფილმს „ოსკარზე“ წარდგენის ლიცენზია მისცა. ოსკარზე შესაბამისი განაცხადი უკვე გაგზავნილი აქვთ და შედეგებს ელოდებიან, მოხვდება თუ არა ფილმი ნომინანტთა სიაში.

გიორგი გოგიჩაიშვილისა და დათო აბრამიშვილის პირველი ქართული აპოკალიფსური ფილმი – “8 წუთი” Sibler Films-ის სადებიუტო პროექტია. ფილმის სცენარისტები არიან ზაზა კოშკაძე და მარი ბექაური, პროდიუსერები – გეგა ხმალაძე და მაგდა დათუაშვილი. მთავარ როლს სლავა ნათენაძე ასრულებს.

ფილმში მოთხრობილია ერთ იტალიურ ეზოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ბოლო 8 წუთი. ისინი იგებენ, რომ მზე ქრება და დედამიწა 8 წუთში განადგურდება. ფილმში ნაჩვენებია მათი განსხვავებული რეაქციები ცხოვრების უკანასკნელ წუთებში.

ფილმი უკვე რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის პრიზიორია. გასულ თვეში ის რუმინეთის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებული გახდა, მთავარ ნომინაციაში – საუკეთესო ფილმი. გარდა ამისა, მოხვდა ისეთი მნიშვნელოვანი ფესტივალების შერჩევაში, როგორებიცაა: კოტბუსის კინოფესტივალი. კოტბუსის ფესტივალი, ბერლინალესა და მიუნხენის შემდეგ, გერმანიაში მესამე ადგილზე დგას თავისი მნიშვნელობით. ყოველწლიურად კოტბუსის კინოფესტივალის ჟიურიში მინიმუმ ორი ოსკაროსანი რეჟისორი მაინც არის წარმოდგენილი.

კატეგორიები: კულტურა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები