პროფესიული განათლება უფასოდ – მსურველთა რეგისტრაცია იწყება

პროფესიული განათლება უფასოდ – მსურველთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 8-დან 19 აპრილის ჩათვლით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.
როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიებს: ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების, ჟურნალისტიკის, დიზაინისა და ა.შ. მიმართულებებით.
„სოფლის მეურნეობის, მშენებლობის ტურიზმისა და ტრანსპორტის მიმართულებებით მსურველებს შეუძლიათ, აირჩიონ დუალური, ანუ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით გახორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. პროფესიული განათლების მიღებისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის.
რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებლებში. აპლიკანტებს, ასევე, საშუალება ექნებათ, ონლაინრეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდზე: vet.emis.ge. რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე. პროფესიული ტესტირების ჩატარების შესახებ ინფორმაციას აპლიკანტები მიიღებენ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს რეგისტრაციის გავლა ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე შეეძლებათ, თუმცა, მათ შესაძლებლობა ექნებათ, ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით ისარგებლონ. დუალური პროგრამები, ასევე, ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, ტესტირებას რუსულ, სომხურ, ან აზერბაიჯანულ ენებზე გაივლიან. ჩარიცხვის შემდეგ კი მათ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები