პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ყაჩაღობაში ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ყაჩაღობაში ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში ბრალდებულები გ.გ. და პ.დ. დამნაშავედ ცნო.
როგორც „კვირას“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 14 მაისს, გ.გ და პ.დ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ ქ.ქუთაისში, შპს „იკა-ტურიზმის“ თანამშრომელს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით, ფირმის კუთვნილ 8 850 აშშ დოლარს და 2050 თურქულ ლირას დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა გ.გ. და პ.დ. 2018 წლის 19 მაისს ქუთაისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გ.გ. და პ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები