პროკურატურაში მამუკა ხაზარაძეს გამოკითხავენ – მან მტკიცებულების სახით შს მინისტრისგან მიღებული წერილი უნდა წარადგინოს

პროკურატურაში მამუკა ხაზარაძეს გამოკითხავენ – მან მტკიცებულების სახით შს მინისტრისგან მიღებული წერილი უნდა წარადგინოს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს პროკურატურაში იმ ბრალდების გარშემო გამოკითხვაზე დაიბარებენ, რომელიც დღეს პარლამენტში შს მინისტრის მიმართ გაახმაურა, – ამის შესახებ „კვირას“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.
ამასთან, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში მტკიცებულების სახით ის წერილიც უნდა წარადგინოს, რომელიც მან შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.
„მამუკა ხაზარაძე ამავე საქმის ფარგლებში გამოიკითხება და როდესაც პროცესუალურად დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, პროკურატურა მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას“, – განუცხადეს „კვირას“ გენერალურ პროკურატურაში.
დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, სადაც „თიბისი ბანკის“ საქმის გარშემო მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დეპუტატების კითხვებს პასუხობდნენ, შს მინისტრის მიმართ ახალი ბრალდება გახმაურდა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე შს მინისტრი გიორგი გახარია რეპუტაციის შელახვით ემუქრებოდა.
“არჩევნების მეორე ტურის წინ, მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე – ეს წერილი მე მაქვს. ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ. წერილი იყო მოწერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
ამის შემდეგ, პარლამენტის დეპუტატები შს მინისტრის წერილით დაინტერესდნენ. კერძოდ, დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი დაინტერესდა, მიაწოდა თუ არა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურას წერილის შესახებ ინფორმაცია.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, მან მუქარის წერილის შესახებ ინფორმაცია პროკურორებსაც მიაწოდა. თუმცა, მას საგამოძიებო უწყებაში კითხვები არ დაუსვეს:
“საოცრება ის არის, რომ მე ამის შესახებ დაკითხვის ოქმში ვთქვი. ამის მერე საქმე არ აღიძრა, არც მოსამართლემ და არც სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვეს. მე ვუთხარი, რომ ჩვენზე არის შემოტევა, მუქარა და ეს არის ჩაწერილი და არავინ, არა თუ დაინტერესდა, არათუ საქმე აღიძრა, არამედ 9 იანვარს გააკეთეს საშინელი განცხადება, რომელმაც 90 მილიონის პირველი ზარალი მოგვიტანა,” – განაცხადა ხაზარაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები