პროკურატურა: TBC-მ სესხი იმ კომპანიას ჩამოაწერა, რომელმაც ხაზარაძეს 17 მილიონი დოლარი ასესხა

პროკურატურა: TBC-მ სესხი იმ კომპანიას ჩამოაწერა, რომელმაც ხაზარაძეს 17 მილიონი დოლარი ასესხა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, TBC ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ფული, როგორც ფიზიკურმა პირებმა იმ კომპანიისგან ისესხეს, რომელსაც 17 მილიონი აშშ დოლარის სესხი თავად TBC ბანკმა მისცა.

“2008 წლის აპრილში და მაისში, შპს სამგორი თრეიდმა და შპს სამგორი M-მა, თიბისი ბანკისგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც TBC ბანკმა საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს”, — ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, 2008 წლის ბოლოს, TBC ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.

“საგულისხმოა, რომ შპს სამგორი თრეიდსა და შპს სამგორი M-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს სამგორი თრეიდისა და შპს სამგორი M-ის – ს ვალი”, — აცხადებენ პროკურატურაში.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, TBC ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს. 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილით. ამ მუხლით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით მიმდინარეობს, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. თიბისი ბანკმა დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით პროკურატურას დღეს, 9 იანვარს უპასუხა და გავრცელებული ინფორმაციას “მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას” უწოდებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები