პრეზიდენტის საპარლამენტი მდივანი ანა ნაცვლიშვილი მედია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ დოკუმენტს ეხმაურება

პრეზიდენტის საპარლამენტი მდივანი ანა ნაცვლიშვილი მედია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ დოკუმენტს ეხმაურება

პრეზიდენტის საპარლამენტი მდივანი ანა ნაცვლიშვილი მედია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ დოკუმენტს ეხმაურება. ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტი კიდევ ერთხელ მიუბრუნდეს სიღრმისეულად ამ კანონის განხილვას.

„ეს განცხადება კიდევ ერთხელ ნათელს ხდის იმ ფაქტობრივად უპრეცედენტო კონსენსუსს,  რომელიც სრულიად განსხვავებული ტიპის სარედაქციო პოლიტიკისა და მასშტაბის მედიასაშუალებებში შედგა, იმასთან დაკავშირებით რომ ეს კანონი სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მედიასაშუალებებს, შესაბამისად მედია მრავალფეროვნებას საქართველოში და ასევე დააზიანებს თვითონ საზოგადოებრივ მაუწყებელს. საბოლოო ჯამში დაზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები, მათი წვდომა დაბალანსებულ, მრავალფეროვან მედიასთან  და ამით დაკნინდება დემოკრატიის ხარისხი. მნიშვნელოვანია პარლამენტი კიდევ ერთხელ მიუბრუნდეს სიღრმისეულად ამ კანონის განხილვას. ყველა რისკი იყოს სათანადოდ შეფასებული და არ მივიღოთ ისეთი კანონი რომელიც არსებითად შეუქმნის საფრთხეს მედიაგარემოს,”- განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ მაუწყებლობის კანონთან დაკავშირებით მედიასთან შეხვედრა გაიმართება.

“ჩვენ მზად ვართ კონსულტაციების გაგრძელებისათვის, რაც არაერთხელ აღვნიშნეთ. ჩვენ მზად ვართ ასევე შეხვედრისათვის და სავარაუდოდ, ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, დავგეგმავთ შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან“,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

მანამდე მედიაორგანიზაციებმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართეს, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების უმრავლესობის შენიშვნები გაიზაირონ და არ დაძლიონ ვეტო. 

სპეციალურ განცხადებას 51 მედიაორგანიზაცია აწერს ხელს. მათ შორის ტელეკომპანია “იმედი”.

საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო. დაგეგმილი  ცვლილებების მიხედვით,  საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების  პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს.

მოსალოდნელ ცვლილებებს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა. პარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს მხარი მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა დაუჭირა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები