„პრეზიდენტის და ე.წ. 20 პარტიის პოზიცია მთლიანად აცდენილია ვენეციის კომისიის დასკვნას“. -ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარეს მოლოდინი აქვს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტოს დადებს და მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტისა და 20 პარტიის მიერ შემუშავებული დოკუმენტის შესაბამისი იქნება.
ამასთან, ირაკლი კობახიძე ხაზს უსვამს, რომ „პრეზიდენტის და ე.წ. 20 პარტიის პოზიცია მთლიანად აცდენილია ვენეციის კომისიის დასკვნას“.
„სავარაუდოდ, თუ ვეტო დაედება ამ კანონპროექტს და ალბათ, დაედება, ის იქნება იმ დოკუმენტის შესაბამისი, რაც შეიმუშავა პრეზიდენტმა ე.წ. 20 პარტიასთან ერთად. მე პირდაპირ შემიძლია ძალიან თამამად განგიცხადოთ შემდეგი – არც ერთ შენიშვნას, რაც იყო წარმოდგენილი ამ დოკუმენტში კანონპროექტის სახით, ვენეციის კომისია არ იზიარებს გარდა ერთისა – ვენეციის კომისიამ გამოხატა უკმაყოფილება იმით, რომ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა პროპორციული სისტემის 2020 წელს ამოქმედება. პრეზიდენტის არც ერთ სხვა შენიშვნას არ იზიარებს ვენეციის კომისია. ეს ეხება პრეზიდენტის არჩევნების წესს – ვენეციის კომისიამ მოგვიწონა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევა; პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას არც ერთი შენიშვნა არ აქვს; ასევე, მთავრობის საკითხებთან დაკავშირებით არ არის არც ერთი შენიშვნა; უშიშროების საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით არ არის არც ერთი შენიშვნა; თავდაცვის თავთან დაკავშირებით არ არის არც ერთი შენიშვნა ვენეციის კომისიის დასკვნაში. შესაბამისად, პრეზიდენტის და ე.წ. 20 პარტიის პოზიცია არის მთლიანად აცდენილი ვენეციის კომისიის დასკვნას. ვენეციის კომისიამ ჩვენ მოგვცა ძალიან პოზიტიური დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვენეციის კომისია ასევე არ იზიარებს პრეზიდენტის და 20 პარტიის შენიშვნებს საარჩევნო ბარიერთან და ბლოკების გაუქმებასთან დაკავშირებით.
„ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ პროპორციული სისტემა იმ პირობებში, როდესაც დადგენილია 5%-იანი ბარიერი პარტიებისთვის, სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
