პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შეხვედრა გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შეხვედრა გაიმართა. მათ კონსტიტუციაზე მოსალოდნელი ვეტოს დეტალები განიხილებოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტი ეთანხმება იმას, რომ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ორი საკითხი – ბონუსის გაუქმება და ბლოკების ერთჯერადად დატოვება – კონსტიტუციაში დროულად აისახოს და განხორციელდეს.
“პრეზიდენტი ხედავს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რაც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად მოხდა, ასევე ეთანხმება, რომ ის ორი საკითხი, რომელზეც ვენეციის კომისიასთანაც შეთანხმება მიღწეულია, საჭიროა, დროულად განხორციელდეს. ჩვენ დაველოდებით უკვე მისგან საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა ის იზიარებს საჭიროებას, რომ ამ ორი საკითხის ასახვა და განხორციელება კონსტიტუციაში, რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილმა უნდა მიიღოს.
„პრეზიდენტს დღეს საბოლოო გადაწყვეტილება არ გაუხმოვანებია, თუმცა ძალიან კარგია, რომ ყველანი ვთანხმდებით, პრეზიდენტიც, ჩვენც და ჩვენ ვიცით, რომ ამაზე თანხმობას აცხადებს ოპოზიციაც, არასამთავრობო სექტორიც, რომ ეს არის ორი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც სადაო საკითხები არ არსებობს. ამას ეთანხმება ვენეციის კომისიაც, ანუ არსებობს ამასთან დაკავშირებით კონსენსუსი, ახლა ჯერი პრეზიდენტზეა. საკითხი დგას ასე, გადაწყვეტს თუ არა, რომ მან ეს ორი საკითხი, რომელზეც არსებობს კონსენსუსი, ასახოს თავის შენიშვნებში. იმ შემთხვევაში, თუ ეს კონსენსუსი არ იქნა გათვალისწინებული, ჩვენ ბუნებრივია, ვიფიქრებთ ვეტოს დაძლევაზე,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ქართულ ოცნება სასახლეში გუშინ მიიწვია.