პრეზიდენტი წილკანში ჩავიდა და მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

პრეზიდენტი წილკანში ჩავიდა და მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას ყოვლად ამაზრზენი მკვლელობა უწოდა  და განაცხადა, რომ  ეს მკვლელობა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ტრაგედიას დიდ ტკივილად დაემატა.

“ჩვენ დავკარგეთ თანამებრძოლი. ადამიანი, რომელიც საქართველოს ემსახურებოდა, მათ შორის საერთაშორისო მისებში. მას საქართველოში ერთი ტყვია არ გაუსვრია. ის ემსახურებოდა სამშობლოს, სამხედრო სამსახურის შემდეგ კი, ცხოვრობდა უკვე მშვიდობიანი მოქალაქის ცხოვრებით. ვიზიარებთ ოჯახისა და ყველა ახლობლის ტკივილს.

სახელმწიფო უშიშროების სამსახური მუშაობს როგორც გადმოსვენების საკითხებზე, ასევე, ჩვენი ორი თანამოქალაქის დაბრუნების საკითხზე, რომელთა ბედიც ძალიან გვაღელვებს.

ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტრაგედიის პარალელურად გამოჩნდეს ის სიმართლე, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში.

ის, რაც ჩვენ ვნახეთ ერთი წლის წინ აფხაზეთში, ის რასაც ვხედავთ აქ, ეს არის უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა – სხვას ვერაფერს დავარქმევ ამას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტურად დამტკიცდეს “, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები