პრეზიდენტი-„ჩვენი წინაპრების მახვილი და დროშა არასდროს დაგიწევიათ და დღესაც ამაყად ემსახურებით სამშობლოს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში“

პრეზიდენტი-„ჩვენი წინაპრების მახვილი და დროშა არასდროს დაგიწევიათ და დღესაც ამაყად ემსახურებით სამშობლოს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში“

„ჩვენი წინაპრების მახვილი და დროშა არასდროს დაგიწევიათ და დღესაც ამაყად ემსახურებით სამშობლოს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედანზე ჯარისკაცებს, ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ.
უმაღლესმა მთავარსარდალმა ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, ჯარისკაცებს და საზეიმო ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მთელ საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა.
“გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს. გილოცავთ თქვენ, შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებო. გილოცავთ იმიტომ, რომ ჩვენი წინაპრების მახვილი და დროშა არასდროს დაგიწევიათ და დღესაც ამაყად ემსახურებით სამშობლოს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში. პატივს მივაგებ თქვენს თანამებრძოლებს, რომლებმაც სიცოცხლე ჩვენს სამშობლოს შესწირეს. ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს, რადგან საქართველოს გამთლიანება მათთან ერთად მოხდება და იმიტომ, რომ 1991 წელს, როცა ჩვენ თავისუფლებას აღვადგენდით, ჩვენ ერთად ვიდექით იმ რეფერენდუმში, რომელმაც მთელ მსოფლიოს და ჩვენს ერს ნათლად უთხრა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა.

თქვენო უწმინდესობავ, ქართულ ეკლესიას ვულოცავ თქვენთან ერთად, რადგან საუკუნეების განმავლობაში სწორედ ეკლესიის სიწმინდე გვაძლევდა ჩვენ და ჩვენ წინაპრებს უნარს, შეგვენარჩუნებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

ვულოცავ  უმცირესობის უკლებლივ ყველა წარმომადგენელს, რადგან ქართული სახელმწიფოს განსაკუთრებულობა სწორედ ჩვენს მრავალფეროვნებაშია და იმის აღიარებაშია, რომ განსხვავებულები ვქმნით ერთ ძლიერ სახელმწიფოს. დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. ისინი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენთან ერთად ზეიმობენ. მათი წინაპრების ღვაწლმა მოიყვანა ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე და ის პირველი დამოუკიდებლობაც მათმა წინაპრებმა გამოაცხადეს. დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენი კულტურის, სპორტის, მეცნიერების წარმომადგენლებს. მათი გამარჯვებები ამ კვირის განმავლობაში, კიდევ ერთხელ ვიზეიმეთ.

დღევანდელ დღეს ვულოცავ იმ ქართულ ოჯახებს, რომლებიც რთულ ვითარებაში არ შედრკნენ და ამ ქვეყნის ყველა სირთულე თავის თავზე გადაიტანეს, ისინი საკუთარი ოჯახის გაძლიერებით აძლიერებენ ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები