პრეზიდენტი – ჩემი ვიზიტებისას მიღების დონე, სითბო და ღიაობა განპირობებულია დღევანდელი საქართველოს მიღწევებით, მის მიმართ ნდობის ხარისხით

პრეზიდენტი – ჩემი ვიზიტებისას მიღების დონე, სითბო და ღიაობა განპირობებულია დღევანდელი საქართველოს მიღწევებით, მის მიმართ ნდობის ხარისხით

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლა ევროპაში ვიზიტების შეფასებით დაიწყო.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი ვიზიტებისას მიღების დონე, სითბო და ღიაობა განპირობებულია დღევანდელი საქართველოს მიღწევებით და მის მიმართ ნდობის ხარისხით.

„დღეს მაქვს პატივი, თქვენ და ქართველ ხალხს პირველად მოგმართოთ ყოველწლიური მოხსენების ფორმატში. ჩემი ინაუგურაციიდან ჯერ არ გასულა 100 დღე. ამ საპასუხისმგებლო გზის საწყის ეტაპზე მინდა მოგახსენოთ ჩემი პირველი ნაბიჯების შესახებ და გაგიზიაროთ ჩემი პოზიციები მნიშვნელოვან საკითხებზე.

დავიწყებ უცხოეთში პირველი ვიზიტების მიმოხილვით, რამაც უფრო მეტად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამ ვიზიტების თანმიმდევრობა შემთხვევითი არ ყოფილა. როგორც გაცხადებული მქონდა, ჯერ ევროკავშირსა და ნატო-ს ვესტუმრე, შემდეგ ევროპის დღევანდელ ორ წამყვან მეგობარ ქვეყანასა და პარტნიორს, საფრანგეთსა და გერმანიას.

როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოვინახულე ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც შორეულ ავღანეთში თავიანთი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით საქართველოს ასახელებენ. ქაბულში ასევე შევხვდი ავღანეთის პრეზიდენტს. ჩვენს რეგიონში კი, პირველი ვიზიტით მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანს ვეწვიე და ვერ დავივიწყებ კახში ისტორიული ჰერეთის მოსახლეობის დახვედრას. ყველგან მიღების დონე, სითბო, ღიაობა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, რომელიც მკაფიოდ იყო გამოხატული, განპირობებული არის დღევანდელი საქართველოს მიღწევებით, მის მიმართ ნდობის ხარისხით და მისი რეალური პერსპექტივებით და არა პიროვნული დამოკიდებულებებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოდის. გამოსვლას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები