პრემიერი-„მთავარია, თითოეული ჩვენგანი იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ადგას სწორ გზას და ეს გზა საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს“

პრემიერი-„მთავარია, თითოეული ჩვენგანი იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ადგას სწორ გზას და ეს გზა საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს“

„მთავარია, თითოეული ჩვენგანი იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ადგას სწორ გზას და ეს გზა საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის 2018 წლის წლიური საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მან აღნიშნულის შეფასებისთვის, ის საერთაშორისო რეიტინგები მოიყვანა მაგალითად, რითაც ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა და წარმატება. ფასდება.
„მინდა, რამდენიმე მათგანი ჩამოგითვალოთ – წელს საქართველო მსოფლიო ბანკმა ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მე-6 ადგილზე დაასახელა და ეს ძალიან დიდი წარმატებაა. ამავე დროს, ჩვენ დავწინაურდით სხვა რეიტინგებში. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო „ფრეიზერის ინსტიტუტის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომელიც ფაქტობრივად 360-გრადუსიან ანალიზს უკეთებს ამა თუ იმ მთავრობის საქმიანობას. აქ ჩვენ 162 ქვეყნიდან მეშვიდე ადგილზე ვართ. Heritage Foundation-ის ძალიან ცნობილი რეიტინგში – ჩვენ ვართ 16-ე ადგილზე 180 ქვეყნიდან. ღია ბიუჯეტის ინდექსში, რომელიც ზომავს ბიუჯეტის გამჭვირვალობას, თუ როგორ გამჭვირვალედ იხარჯება ბიუჯეტის სახსრები – ჩვენ ვართ მეხუთე ადგილზე. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში. თუ 2012 წელს 131-ე ადგილზე ვიყავით, წელს 45-ე პოზიციაზე ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყოველწლიურად აუმჯობესებს რეიტინგს მედიის თავისუფლების ინდექსში და თუ ჩვენ 104-ე ადგილზე ვიყავით 6 წლის წინ, დღეს 61-ზე ვართ. ამასთან ერთად, ჩვენი ეკონომიკის სტრატეგიის მთავარი ხედვა გახლავთ ის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისი ისტორიული როლი. ეს როლი ყოველთვის გახლდათ ის, რომ საქართველო იყო რეგიონის ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. სწორედ ამისთვის გვჭირდება, რომ მაქსიმალურად წარმატებულები ვიყოთ საერთაშორისო რეიტინგებში“,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, მთავრობის ამოცანაა, აღნიშნული მიღწევები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და საქართველო ყველა რეიტინგში ტოპ ხუთეულში იყოს.
„ამავე დროს, ჩვენი ძალიან ამბიციური, მაგრამ მიღწევადი ამოცანა გახლავთ ის, რომ 2023 წელს საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი, რომელიც არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში შევიყვანოთ. არც ერთ რეიტინგს, არც ერთ სტრატეგიას არანაირი აზრი არ აქვს, თუ ეს არ ემსახურება მთავარს – ჩვენს შემთხევაში სიღარიბის დაძლევას და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლებას. ჩვენ ვართ მცირე ზომის ეკონომიკა, მაგრამ, ამავე დროს, გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ შეიძლება, სწორედ მცირე ეკონომიკის შემთხვევაში მივაღწიოთ ამ ყველაფერს.
მთავრობის განახლებულ პროგრამაში, რომელიც ხუთ პრინციპს ეყრდნობა, სწორედ ეს გახლავთ პირველი პრინციპი, რომ ჩვენ შევძლოთ და ღირსეულად მივიყვანოთ ბოლომდე ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი – საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს, ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი და სრულფასოვანი მონაწილე. ამ თვალსაზრისითაც 2018 წელი იყო განსაკუთრებული და, ვფიქრობ, ძალიან წარმატებული“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები