პრემიერ-მინისტრს წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მიულოცა

პრემიერ-მინისტრს წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მიულოცა

“ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მზად ვართ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან შეხვედრისას განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა კარდინალ პაროლინის ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონის კიდევ ერთი დადასტურებაა. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.
პრემიერ-მინისტრმა წმინდა საყდარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა პრემიერ-მინისტრს მიულოცა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, რაც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, რომელიც, პრემიერის განცხადებით, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი ქვაკუთხედი და ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში მიმდინარე რეფორმები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობაზე. განსაკუთრებით აღინიშნა სასტიპენდიო პროგრამების მნიშვნელობა, რომელიც ქართველ სტუდენტებს აძლებს საშუალებას, ისწავლონ რომში რელიგიური მეცნიერებები და მიიღონ მუსიკალური განათლება იტალიის წამყვან კონსერვატორებში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები