პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წნორში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წნორში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წნორში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს. წნორის საზოგადოებრივი ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეათეა. ის ქალაქის ახლოს მდებარე 13 სოფლის 30 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს, საზოგადოებრივ ცენტრში საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლოს, კერძოდ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (მაგ. აიღოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაარეგისტრიროს ქორწინება და ა.შ.), საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით. საზოგადოებრივი ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების – „მაგთიკომისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, ქალაქიდან გაუსვლელად აიღონ პენსია. ასევე, მოსახლეობას შეუძლია, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და „სკაიპის“ ოთახით ისარგებლოს.
მომსახურების ცენტრში ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც, ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიც არის. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, ასევე, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, შეიძინონ ცოდნა. ინტერნეტის მეშვეობით, მათ შეუძლიათ, მიიღონ მათთვის საჭირო და საინტერესო უახლესი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე, რის შესაძლებლობასაც ისინი მანამდე მოკლებულნი იყვნენ.
ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წნორის ცენტრის გარდა, თანამედროვე სტანდარტების 57 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები