პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ევრაზია გამოწვევების წინაშე დგას

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ევრაზია გამოწვევების წინაშე დგას

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ევრაზია გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა, მრავლადაა შესაძლებლობები მშვიდობიანი განვითარებისთვის და “აბრეშუმის გზის” ფორუმის მიზანი სწორედ ამ შესაძლებლობების აღმოჩენაა.

ამის შესახებ პრემიერმა “თბილისის აბრეშუმის გზის” ფორუმზე განაცხადა.

“საქართველო, ისტორიულად, მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკონომიკებსა და კულტურებს. ჩვენ ბევრი სირთულე გადავლახეთ ათასწლეულების მანძილზე და შევინარჩუნეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა, ჩვენი ტოლერანტობით, თანამშრომლობით და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების უნარით.
დღეს, მსოფლიო, ისევე, როგორც ევროპა და აზია, კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა, ასევე მრავლადაა შესაძლებლობები მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის. ჩვენი ფორუმის მიზანია, რომ სწორედ ეს შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ ყველამ ერთად და გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი ქვეყნების და ხალხების უკეთესი მომავლისათვის”, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობა და პატივი იქნება კონტინენტებს შორის საიმედო კავშირების გაღრმავების პროცესში საკუთარი მოკრძალებული წვლილის შეტანა.

“საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობა და პატივი იქნება კონტინენტებს შორის საიმედო კავშირების გაღრმავების პროცესში საკუთარი მოკრძალებული წვლილის შეტანა. „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინება, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ „სარტყელი და გზის“ ინიციატივის სახით იქნა წარმოდგენილი და ეფუძნება 5 ძირითად პრინციპს: მშვიდობა, კეთილდღეობა, გახსნილობა, ინოვაცია და ცივილიზაციათა კავშირი – საჭიროებს აქტიურ საჯარო თუ კერძო სექტორის დიალოგს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კონფერენციაც ამის კარგ შესაძლებლობას მოგვცემს”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს „აბრეშუმის გზის“ ფორუმს. ფორუმში მონაწილეობს 37 ქვეყნის დელეგაცია და ასევე, ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაცია. ფორუმისადმი ასეთი ინტერესი ცხადყოფს, რომ ეს ინიციატივა სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ მასში მონაწილე ქვეყნების, არამედ ყველასათვის, ვინც დაინტერესებულია მეტი მიღწევებით ვაჭრობის სფეროში, ინფრასტრუქტურის განვითარებით, ციფრულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდითა და ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებით.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები