პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
მან მმართველობის დეცენტრალიზაციასა და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, გუნდის სურვილია, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი.
„მისასალმებელია, რომ დღეს პარლამენტი მასპინძლობს მნიშვნელოვან ფორუმს, რომლის მიზანია დეცენტრალიზაციის, თვითმმართველობის განვითარებისა და მმართველობითი სისტემის სრულყოფის პროცესის ხელშეწყობა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოში და ქართულ დემოკრატიაში თვითმმართველობას ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა და სიმბოლურია, რომ დღევანდელი ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია ჩვენი წინაპრების ხედვასთან, პირველ რესპუბლიკასთან, თუ როგორ სურდათ მათ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება.
მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა ნიშნავს, თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის აგებას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს, ამავე დროს, ქმნის პირობებს, რათა სწორედ თავისუფალ მოქალაქეთა ნებას ემყარებოდეს როგორც საერთო ეროვნული, ისე რეგიონალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა.
ჩვენი მთავრობის ამოცანა და მიზანია, საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, თითოეული მოქალაქისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფის თავისუფალი განვითარება, სრულფასოვანი საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება. ეს კი შეუძლებელია მხოლოდ ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში, რადგან სახელმწიფო ორგანოების მიერ ცენტრალიზებულად მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ვერ პასუხობენ ადგილზე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს.
სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ მმართველობის სისტემა ადეკვატურად პასუხობდეს საზოგადოებრივ მოთხოვნებს და უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აუცილებელია, მმართველობითი უფლებამოსილებისა და შესაბამისი რესურსების გადანაწილება მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეებს შორის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, მმართველობის დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა უნდა განხორციელდეს მთავრობის აქტიური ჩართულობით, პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, თვითმმართველობებთან კონსულტაციითა და ამავე დროს, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა მაქსიმალურად ვიზიარებდეთ მომავალი რეფორმების სულისკვეთებას და გეგმაზომიერად ვიმუშაოთ ამ გზაზე საერთო წარმატებისათვის. როგორც მოგეხსენებათ, ამ მხრივ სახეზეა მრავალი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ურყევად მივიწევთ დეცენტრალიზაციის გზით, ადგილზე დემოკრატიული მექანიზმების მყარად დასამკვიდრებლად დამატებითი ფინანსური რესურსები იზრდება წლიდან-წლამდე და ამ მხრივ გამონაკლისი არ იქნება არც 2019 წლის ბიუჯეტი.
მოგეხსენებათ, წელს არის საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან 100 წლისთავი და სიმბოლურია, რომ წელს ვასრულებთ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის დოკუმენტის ფორმირებას და რაც მნიშვნელოვანია, ვიწყებთ ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესს.
მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ურყევი პოლიტიკური ნება, გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვისი ინიციატივითაც შეიქმნა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის პლატფორმა. ეს ფორუმი საშუალებას იძლევა გვქონდეს ერთგვარი საკონსულტაციო მექანიზმი, სადაც კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება თვითმმართველობებმა დასვან კითხვები, მიიღონ პასუხები, გაიზიარონ გამოცდილება, დასახონ სამომავლო გეგმები და განსაზღვრონ შესასრულებელი ამოცანები, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით ჩამოვაყალიბოთ ის მოდელები, რომლებიც გვჭირდება დღეს, რომელიც დღეს სჭირდება საქართველოს, რომ თვითმმართველობის სისტემა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები