პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” საპენსიო რეფორმას აკრიტიკებს

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” საპენსიო რეფორმას აკრიტიკებს

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” საპენსიო რეფორმას აკრიტიკებს, რომლის განხორციელებაც საქართველოში 2018 წლის მესამე კვარტლიდან იგეგმება.”გირჩში” მიაჩნიათ, რომ საპენსიო რეფორმა “ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი შეთქმულებაა მოქალაქეების წინააღმდეგ”.

პარტიის ცნობით, 2019 წელს, როდესაც სავალდებულო დაგროვებითი პენსიის სახელმწიფო სისტემა გაეშვება, სპეციალურ ფონდში თავს მოიყრის დაახლოებით 900 მილიონი ლარი.

“ხელისუფლების მიერ მიღებული შესაბამისი კანონის თანახმად, კანონის ამოქმედებიდან ხუთი წლის განმავლობაში, საპენსიო ფულის დაბანდება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ნაკლებ რისკიან საინვესტიციო პორტფელში. აქედან უცხოეთში განთავსების მაქსიმალური ზღვარი ნაკლებად რისკიანი პორტფელისთვის განსაზღვრულია – 20%-ზე.

ანუ, 2019 წელს მობილიზებული 900 მილიონი ლარიდან, უცხოეთში შეიძლება გავიდეს მხოლოდ 180 მილიონი ლარი. დანარჩენი, ანუ მინიმუმ 720 მლნ ლარი უნდა ჩაიდოს საქართველოში შემდეგი პრინციპით:

•    144,000,000 ლარამდე (20%) შეიძლება ჩაიდოს ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში (აქედან მსხვილი ბიზნესის ინტერესი);

•    720,000,000 ლარამდე (100%) შეიძლება ისესხოს მთავრობამ შიდა ვალის სახით (აქედან მთავრობის ინტერესი. ცნობისთვის, 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე, ნასესხები და 2018 წლის ჩათვლით დაგეგმილი შიდა ვალის მოცულობა უკვე შეადგენს 2,218,000,000 ლარს. და ეს ვალები ჩვენმა შვილებმა უნდა გადაიხადონ);
•    675,000,000 ლარამდე (75%) შეიძლება განთავსდეს კომერციული ბანკების დეპოზიტებზე (აქედან ბანკების ინტერესი)

და ეს ყველაფერი მხოლოდ 2019 წელს. იოლი წარმოსადგენია, რა მასშტაბებზე გავლენ 30-40 წლის განმავლობაში.

ეს არის ამ რეფორმის რეალური არსი – ფული! დიდი ფული, რომელიც პატარა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოცულობებით უნდა ამოიღონ დღეს დასაქმებული მოქალაქეების ჯიბეებიდან და თავი მოუყარონ ვიღაცეების ანგარიშებზე.

არანაირი სიბერეზე ზრუნვა!
არანაირი წარმატებული მსოფლიო გამოცდილება!
არანაირი გრძელი ფული!
არანაირი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება!
არანაირი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა!

ეს ყველაფერი არის უსინდისო ტყუილი!”, – აცხადებენ “გირჩში”.

1 ოქტომბერს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. დაგროვებითი პენსიების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები