პირბადე არის ინფექციის გავრცელების ყველაზე უფრო იოლი და ძლიერი პრევენციული საშუალება

პირბადე არის ინფექციის გავრცელების ყველაზე უფრო იოლი და ძლიერი პრევენციული საშუალება

პირბადეს ვტოვებთ იმიტომ, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის შემთხვევების ახალი რიცხვი არის ასეულების ფარგლებში და რადგან პირბადე არის ინფექციის გავრცელების ყველაზე უფრო იოლი და ძლიერი პრევენციული საშუალება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ჩემი რეკომენდაცია არის, რომ ჯერჯერობით ჩვენ პირბადე არ უნდა მოვხსნათ, თუმცა არის დისკუსია იმაზეც, რომ პირბადე იყოს სავალდებულო გარეთ მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში, როგორიც არის გაჩერებები, დიდი სამოძრაო ქუჩები, მაგალითად, თბილისში რუსთაველის გამზირი ან ბათუმში ბულვარი და ა.შ. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ჯობს ჯერ, გარკვეული პერიოდი, ყოველ შემთხვევაში ივნისში, პირბადე იყოს აუცილებელი ატრიბუტი ჩვენი ცხოვრების“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 343 963 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 327 618, გარდაიცვალა 4 773 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები