ფულის გათეთრება – უმძიმესი დანაშაული. თიბისი დარჩება – ვინ წავა ციხეში?

ფულის გათეთრება – უმძიმესი დანაშაული. თიბისი დარჩება – ვინ წავა ციხეში?

მსოფლიო საფინანსო სექტორში უმძიმეს დანაშაულებად ითვლება ფულის გათეთრება და გადასახადების დამალვა. თიბისი ბანკის შემთხვევაში პირველზეა საუბარი. ხომ არ გამოიწვევს ეს უმსხვილესი ქართული ბანკის დახურვას – M2B ექსპერტებთან არკვევს.

საქართველოში საფინანსო დანაშაულს თავისი ისტორია აქვს და ასეთ ფაქტებს, ზოგ შემთხვევაში, ბანკის დახურვაც კი მოჰყვა. მაგალითად, ინვესტბანკის შემთხვევაც საკმარისია. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს მცირე ზომის ბანკი იყო იმ დროისთვის თუნდაც $1 მლნ–ის ზარალი კოლოსალური დარტყმა იყო ასეთი პატარა ბანკისთვის.

ექსპერტების აზრით, თიბისი სისტემფორმირებადი ბანკია, რომლის დახურვა მთელი საბანკო სექტორისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნებოდა. თუმცა, ამის საფრთხე არც დგას, ვინაიდან, ექსპერტების აზრით, ბანკს არ გაუჭირდება იმ თანხის გადახდა, რაც მას შეიძლება ჯარიმის სახით დაეკისროს (საუბარია 1 მლნ ლარზე). მაგრამ სულ სხვა საკითხია ფინანსურ მაქინაციაში მონაწილეობა. ასეთ შემთხვევაში, საფინანსო საკითხებში ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსოფლიო პრაქტიკის თანახმად, თუ ბანკის ბრალეულობა დამტკიცდა, ადვილად შესაძლებელია, რომ ტოპ–მენეჯმენტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს.

აქედან გამომდინარე, თიბისის დირექტორატი პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს, ვინაიდან, ექსპერტთა აზრით, ასეთი მასშტაბის ფინანსურ მაქინაციას ($16 მლნ), მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით მოხდა ფულის გათეთრება. მხოლოდ ბანკის დაბალი რანგის ოფიცრები ორგანიზებას ვერ გაუწევდნენ. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც, კომერციული ბანკები წარმოადგენენ რასადეპოზიტო ინსტიტუტებს, ანუ მათი ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტებია, მსგავსი სიტუაციებისას დგანან “დეპოზიტების გაქცეევის” მაღალი რისკის ქვეშ, რამაც არა თუ ბანკის ლიკვიდობაზე, არამედ ამ ბანკის სისტემფორმირებადი სტატუსიდან გამომდინარე, მთელ სისტემაზე ნეგატიურად შეიძლება იმოქმედოს. აქედან გამომდინარე, პროკურატურის მხრიდან ინფორმაციის დროული მიწოდება საზოგადოებისათვის არის ძალზე მნიშვნელოვანი.ექსპერტები თავად თიბისი ბანკის დახურვას პრაქტიკულად გამორიცხავენ. მითუმეტეს, როდესაც ბანკის აქციონერები გავლენიანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არიან, რომელთათვის უკიდურესად მნივშნელოვანია საერთაშორისო სამართლის დაცვა. თიბისი ბანკის წილები შემდეგნაირადაა განაწილებული: – მამუკა ხაზარაძე 13,52%, ბადრი ჯაფარიძე 6,76%, European Bank for Reconstrucion and Development (IBRD) 8,17%, JPMorgan Asset Management 8,43%, Schroder Investment Management 7,74% და Dunross & Co. 5,50%.

ქართული საბანკო სექტორის მდგრადობისთვის თიბისის მნიშვნელობაზე შემდეგი მონაცემებიც მიუთითებს. 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით თიბისის პოზიციები საბანკო ბაზარზე შემდეგნაირად გამოიყურება: თიბისის აქტივები – 14.06 მლრდ ლარი, მთელი საბკნკო სისტემის აქტივები – 38.4 მლრდ ლარი იყო. ამ მოცულობაში თიბისის წილი 36.46%–ს შეადგენს. იგივე მესამე კვარტლის მონაცემებით, თიბისის მიერ გაცემული სესხების მოცულობა 9.59 მლრდ ლარს შეადგენდა, მთლიანი საბანკო სისტემის საკრედიტო პორტფელი 26.1 მლრდ ლარს შეადგენდა. აქედან თიბისის წილი 36.74%–ს უდრიდა. კიდევ უფრო შთამბეჭდავი პოზიცია აქვს ბანკს დეპოზიტების მიმართულებით – 8.82 მლრდ ლარი, რაც მთლიანი საბანკო დეპოზიტების (22 მლრდ ლარი) 40%–ს შეადგენდა.

თიბისი ბანკთან მიმართებაში გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეაგირება გუშინვე მოახდინა. მთავარი საბანკო მარეგულირებელი აცხადებს, რომ “თიბისი ბანკი” ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე. ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო პოლიტიკის არსებობა.

ექსპერტი საბანკო საკითხებში, პროფესორი გოჩა თუთბერიძე მიიჩნევს, რომ თიბისი ბანკში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საჭიროა პროკურატურამ დროულად გაავრცელოს დეტალური ინფორმაცია, რათა საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს პროცესი და ამით შეამციროს ის აჟიოტაჟი, რომელიც ბანკებიდან მხვილი დეპოზიტების გადინების რისკებს ზრდის.

„ეს თუ სიმართლეა, ძალიან მძიმე ფაქტია. მე პირადად ვიცნობ მათ და ძალიან წესიერი და ნამდვილი ბანკირები იყვნენ, ამიტომ ასეთი რამ არ უნდა მოსვლოდად. აქ საუბარია აქციონერების თანხების მითვისებაზე სxვა აქციონერების საზიანოდ. მათ საკმაოდ მაღალი რეპუტაცია ჰქონდათ ჩემ დროს, თითოეულ მათგანს, როგორ პროფესიონალ ბანკირს ვიცნობდი. გაოგნებული ვარ. ჩემს დროს არ იყოვნენ მაგ მორალის მატარებლები“, – აცხადებს M2B-სთან საუბარში გოჩა თუთბერიძე.

ექსპერტი მსოფლიოს უმსხვილეს ბანკებში მიმდინარე საგამოძიებო პროცესებთან ავლებს პარალელს. „იგივე დოიჩე ბანკში რამდენი ხანია პროკურატურაა შესული და ფულის გათეთრებაზე საქმესს იძიებს. ასევე მსოფლიოს ბევრი მსხვილი ბანკი გაეხვა შარში. იქ საგამოძიებო უწყებები აკეთებენ განმარტებებს, რომ აქციონერები საქმის კურსში იყვნენ“.

„ამას შეიძლება მოჰყვეს მსხვილი დეპოზიტების გადინება ბანკებიდან, ჩვენ ბანკებს საკუთარი ფული არ გააჩნიათ და საკრედიტო პორტფელების ძირითადი წყარო ჩვენივე დეპოზიტებია. ამიტომ, ჯობია, პროკურატურამ რაც შეილება დროულად გააკეთოს განცხადება, რათა ზიანი არ მიადგეს როგორც თიბისი ბანკს, ისე საერთოდ საბანკო სისტემას. საზოგადოებამ არ იცის, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, ესაა შიდა აქციონერების პრობლემა, თუ მეანაბრეთა ფულის დატაცება, უნდა განცხადდეს, რათა საზოგადოება დამშვიდდეს. საქართველოში რეალურად ორი ბანკია – თიბისი და საქართველოს ბანკი. მათგან რომელიმეს რომ რამე დაემართოს, მთელი საბანკო სისტემა ჰაერში აღმოჩნდება“, – ამბობს გოჩა თუთბერიძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები