„პატრიოტთა ალიანსი“ 17 სექტემბრიდან პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპროტესტო აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, 17 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება. მისივე თქმით, მთავარი მოთხოვნა იქნება შეწყდეს კონსტიტუციაზე ძალადობა, რომლითაც „მყარდება რბილი დიქტატურა ქვეყანაში“.
„ჩვენ გავაპროტესტებთ ასევე ქართული მიწის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. გავაპროტესტებთ იმ ჩანაწერის გაქრობას კონსტიტუციიდან, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულება აქვს ყველა მოქალაქეს, გავაპროტესტებთ ასევე ბანკების ძალადობას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობის წინააღმდეგ, ასევე გავაპროტესტებთ ხელისუფლების უმოქმედებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციები 24 სექტემბერს, ბათუმში, ხოლო 1-ელ ოქტომბერს კვლავ თბილისში გაიმართება. დასკვნითი, ყველაზე მასშტაბური აქცია კი, 8 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე მოეწყობა. ირმა ინაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიწყოს მოქმედება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით აქციების პარალელურად, იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნების 90% მაინც დაკმაყოფილდება, მაშინ საპროტესტო აქციები შეწყდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირმა ინაშვილის თქმით, შესაძლოა პოლიტიკურ დღის წესრიგში კვირიკაშვილის მთავრობის გადაყენების საკითხი დადგეს.
ინაშვილის თქმით, აღნიშნული საპროტესტო აქციების ორგანიზატორია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და არა სხვა ოპოზიციური პარტია.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ მცდელობას, კონკრეტულად ჩვენი პარტიის მიერ ორგანიზებულ ამ აქციასთან მოხდეს ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის დაკავშირება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთის- ბოკერიას ფრთის და გოცირიძის ფრთის, რაც ტყუილია და არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა უკავშირდება ბოკერიას მიმართ არსებული კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების დაძვრას გაყინული ადგილიდან“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

მამუკა ბახტაძე: არაერთი კვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ სპორტი ევროპული ინტეგრაციის პროცესის მძლავრი ინსტრუმენტი გახდა
