პარლამენტში მინისტრებისა და პრემიერის დაბარების წესი იცვლება

პარლამენტში მინისტრებისა და პრემიერის დაბარების წესი იცვლება

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები იგეგმება, რომლის გათვალისწინებით, ერთი მხრივ, საკანონმდებლო საქმიანობის პრინციპები დაიხვეწება, მეორე მხრივ კი, საზედამხედველო ფუნქცია გაძლიერდება. ეს ინიციატივა 5 მარტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დააყენა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში რეგლამენტის პროექტი უკვე მომზადებულია, სადაც ბოლო დეტალები ზუსტდება.

ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი სიახლე პრემიერმინისტრის საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით გამოსვლა იქნება, რაც პარლამენტის მიერ გასულ წელს დამტკიცებული ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარეობს.

კერძოდ, პროექტით, პრემიერი ვალდებული იქნება, წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში საშემოდგომო სესიის პირველივე კვირაში პლენარულ სხდომაზე პირადად წარადგინოს. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი საკუთარ გამოსვლას დაასრულებს, პოლიტიკური დებატები გაიმართება.

საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრების გამოცხადება ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. კერძოდ, უმრავლესობა „მინისტრის საათის“ ფორმატის შემოღებას აპირებს, რომლის გათვალისწინებითაც, პარლამენტში მინისტრის გამოცხადება სავალდებულო იქნება და მთავრობის წევრების გამოსვლის განრიგს ბიურო შეადგენს.

პარლამენტში მინისტრების სამთავრობო საათის ფორმატში დაბარება მოქმედი რეგლამენტითაც არის უზრუნველყოფილი, თუმცა ეს ვალდებულებას არ წარმოადგენს, რადგან რეგლამენტში ნათქვამია, რომ სამთავრობო საათი როგორც წესი, ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს იმართება. მანიპულირების საშუალებას სწორედ „როგორც წესი“ იძლევა.

ცვლილებებით, სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ ფრაქციის სხდომაზე მინისტრის დაბარება აღარ მოხდება, მაგრამ დეპუტატების მოთხოვნის შემთხვევაში, მინისტრებს გამოცხადება კომიტეტის სხდომაზე მოუწევთ.

კერძოდ, პროექტით, კომიტეტის ფორმატში მინისტრის დაბარების უფლება კომიტეტის შემადგენლობის ¼-ს ექნება, თუმცა ამ მიმართულებით დათქმა კეთდება, რომ ერთი სესიის განმავლობაში, ერთი და იმავე მინისტრის დაბარების უფლება კომიტეტის შემადგენლობის უმრავლესობას ექნება.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში უმცირესობა-უმრავლესობა გაუქმდება და ერთი პარტიიდან პარლამენტში წარდგენილ დეპუტატს მხოლოდ ერთ ფრაქციაში გაერთიანების საშუალება ექნება. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი კონსტიტუციით განსაზღვრული რეგულაციების რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება, პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით გამოსვლა 2019 წლის სექტემბრიდან მოუწევს, ხოლო „მინისტრის საათი“ 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

წყარო:imedinews.ge

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები