„პარლამენტი სამი წლის შემდეგ გაცილებით ძლიერი იქნება და ეს არის ჩვენი ამბიციური გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი“-კობახიძე

„პარლამენტი სამი წლის შემდეგ გაცილებით ძლიერი იქნება და ეს არის ჩვენი ამბიციური გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი“-კობახიძე

„პარლამენტი სამი წლის შემდეგ გაცილებით ძლიერი იქნება და ეს არის ჩვენი ამბიციური გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას განაცხადა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება პარლამენტის გაძლიერებაა.

„ტრადიციულად, ჩვენს სისტემაში პარლამენტი მეტ-ნაკლებად სუსტი იყო. მრავალი წლის განმავლობაში ძალაუფლება კონსოლიდირებული იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ახლა ჩვენ ვაყალიბებთ ახალ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც პარლამენტი ასრულებს გადამწყვეტ როლს მმართველობის სისტემაში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, მაგრამ სამომავლოდ კიდევ უფრო ამბიციური გეგმებიც გვაქვს. უნდა გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი შესაძლებლობები. პარლამენტი სამი წლის შემდეგ გაცილებით ძლიერი იქნება და ეს არის ჩვენი ამბიციური გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და გაძლიერებაა.

„ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით და თუ სხვადასხვა კვლევას დავეყრდნობით, ამ მხრივ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ. მაგალითად, Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირის წევრი 11 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის მხრივ, რაც უდიდესი წარმატება და უდიდესი მიღწევაა. თუ აქამდე ამ მხრივ ვლიდერობდით ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, ახლა უკვე ევროპის ქვეყნებს შორის ვართ ერთ-ერთი ლიდერები ამ მიმართულებით, რაც ნამდვილად ძალიან დიდი წარმატებაა. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის, რადგან სასამართლო სისტემის ნდობა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის კეთების საქმეში. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები