ორშაბათს, კომისია იმ გამომძიებლებს გამოკითხავს, ვინც ხორავას ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდა-ანრი ოხანაშვილი

ორშაბათს, კომისია იმ გამომძიებლებს გამოკითხავს, ვინც ხორავას ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდა-ანრი ოხანაშვილი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან კომისიის მიერ ორშაბათს დაგეგმილი სხდომის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ორშაბათს, კომისია იმ გამომძიებლებს გამოკითხავს, ვინც ხორავას ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდა. ამასთან, ოხანაშვილი განმარტავს, რომ გამომძიებლებთან ერთად, გამოიკითხება საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელიც.

„ჩვენ დღეს გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამ შეხვედრაზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციაც გამოიკვეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმესთან მიმართებაში რაიმე წინასწარი დასკვნების გაკეთება ნაჩქარევია, თუ კი არ არის გამოკითხული ყველა ის ფიგურანტი, რომელიც საქმისთვის არის მნიშვნელოვანი.

„ევროპული საქართველოს“ რამდენიმე წარმომადგენელი აფიქსირებდა პოზიციას, რომ მხოლოდ არასრულწლოვანთა საკითხებში არასპეციალიზებული გამომძიებლის, კახაბერ სირაძის ჩვენების საფუძველზე, საკმარისია უკვე რეკომენდაციის გაცემა, თუმცა ჩვენ მსჯელობის შედეგად, გამოვკვეთეთ ეს საკითხი და მკაფიოდ დავაყენეთ პოზიცია, რომ მხოლოდ ამ ჩვენების საფუძველზე, როდესაც არ არის გამოკითხული უშუალოდ გამომძიებელი, ვინც აწარმოებდა საგამოძიებო მოქმედებებს, არ არიან გამოკითხული ის პირები, რომლებიც ამ საგამოძიებო მოქმედებებს უშუალოდ უწევდნენ ხელმძღვანელობას, რაიმე სახის რეკომენდაციის გაცემა, ამ ეტაპზე, არ არის მიზანშეწონილი. ამიტომ ჩვენ ეს საკითხი გადავდეთ ორშაბათის მსჯელობისთვის. ორშაბათს ჩვენ მივუბრუნდებით ამ საკითხზე მსჯელობას.

მოგეხსენებათ, რომ ორშაბათს ჩვენ გამოსაკითხად დავიბარეთ როგორც უშუალოდ ის გამომძიებელი, რომელიც სპეციალიზებულია არასრულწლოვანთა საკითხების გამოძიებაში, ვინც აწარმოებდა ხორავას ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებებს, ასევე, უშუალოდ ის ხელმძღვანელები, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდებოდა საგამოძიებო მოქმედებები. ამიტომ ვფიქრობ, ორშაბათს ჩვენ კიდევ მივიღებთ საინტერესო ინფორმაციას, გვექნება ყველა ის მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც საზოგადოებაში ჟღერდებოდა და გვქონდა ჩვენც. შესაბამისად, დაველოდებით ამ შეკითხვებზე პასუხის მიღებას,“ – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები