“ოპოზიციის წარმომადგენლების შეტევა ბორელის მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ძალასთან გვაქვს საქმე, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან”

“ოპოზიციის წარმომადგენლების შეტევა ბორელის მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ძალასთან გვაქვს საქმე, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან”

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის მიმართ „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ორგანიზებული თავდასხმა აჩვენებს, რა ძალასთან აქვთ საქმე“.

ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციას დარჩა ორი არჩევანი – სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებების შესაბამისად შევიდნენ პარლამენტში ან წავიდნენ მარგინალიზაციის გზით, თუ არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახორციელეს და მიიტანეს შეტევა ვიცე-პრეზიდენტ ბორელის მისამართით. კიდევ ერთხელ უჩვენებს, საერთოდ რა ძალასთან გვაქვს საქმე. ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას და მათ დესტრუქციულ ქმედებებს. აქედან გამომდინარე, მინდა, ვთქვა, რომ დღეს ოპოზიციას დარჩა სულ რაღაც ორი არჩევანი –  ერთი, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, ეს, ასე ვთქვათ, მასკარადი და აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები. მეორე, თუ გააგრძელებენ კვლავაც დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია სრულ გაუგებრობასა და კატასტროფულ მდგომარეობაშია.

„რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციის გამართვას ორი თვის შემდეგ, დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აანონსებს აქციას ორი თვის შემდეგ, ეს რაზე მიუთითებს, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. მე ვგულისხმობ რადიკალურ სააკაშვილის ფრთას და ზოგადად მათ რადიკალურ ქმედებებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები