OPIC-ი საქართველოში დაფინანსების პორტფელს ზრდის

OPIC-ი საქართველოში დაფინანსების პორტფელს ზრდის

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის საერთაშორისო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორს, კორპორაციის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის მთავარ მრჩეველს, ჩარლზ მაკლაფლინს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, OPIC-ის დახმარებით საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.

“აშშ-ის საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციაში შედგა ნაყოფიერი შეხვედრა. 20 წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციის დახმარებით, საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი ინვესტიციები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აღსანიშნავია, რომ OPIC-ი აპირებს დაფინანსების პორტფელის გაზრდას საქართველოსთვის. ჩვენ ამერიკულ მხარეს გავაცანით ის რეფორმები, რომელიც განვახორციელეთ. ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, აღნიშნული საინვესტიციო პოტენციალის ათვისების კუთხით OPIC-ის ჩართულობის საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით მომავალში უფრო მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვას შევძლებთ ქვეყნის ეკონომიკაში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა.

საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც დაარსდა 1971 წელს. OPIC თანამშრომლობს აშშ–ის კერძო სექტორთან და მას განვითარებად ბაზრებზე შესვლაში ეხმარება, რითაც ხელს უწყობს კერძო სექტორის შემოსავლების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ განვითარებას როგორც აშშ-ში, ასევე საზღვარგარეთ.

საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) 1993 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში. OPIC მნიშვნელოვან როლს თამშობს საქართველოში სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის განვითარებაში, როგორებიცაა: საფინანსო სექტორი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, წარმოება, განათლება, სამთო მრეწველობა და უძრავი ქონების სექტორი. OPIC ასევე ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომას დაფინანსების წყაროზე.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები