ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 17 ოქტომბერს კიევის პარლამენტთან აქციის გამართვას აპირებს
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 17 ოქტომბერს კიევის პარლამენტთან აქციის გამართვას აპირებს. მისი თქმით, დემონსტრანტები ხვალინდელ აქციაზე მშვიდობიანად არიან განწყობილები. ამის შესახებ სააკაშვილმა რადიო თავისუფლების კიევის სტუდიაში სტუმრობისას თქვა.
მან დაგეგმილ დემონსტრაციას „დიდი პროცესის“ დასაწყისი უწოდა და თქვა, რომ თავის მხარდამჭერებთან ერთად გამოთქვამს, „უკრაინის, პრაქტიკულად, მთელი მოსახლეობის აზრს“. დემონსტრაციის ორგანიზატორებს შორის სააკაშვილის „ახალ ძალთა მოძრაობასთან“ ერთად არიან „დემოკრატიული ალიანსი“, „ავტომაიდანი“ და „სვობოდა“. სააკაშვილი დემონსტრანტების სამ მთავარ მოთხოვნად ასახელებს ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნა, საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმებასა და ახალი საარჩევნო კანონის მიღებას.
უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.