ნუ დავდგებით ვირუსის მხარეს – მამუკა მდინარაძე პოლიტიკურ სპექტრს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს

ნუ დავდგებით ვირუსის მხარეს – მამუკა მდინარაძე პოლიტიკურ სპექტრს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პოლიტიკური სუბიექტების მიმართ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის მოწოდებას ეხმაურება.

მდინარაძის შეფასებით, ძალიან დროული იყო მოწოდება, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და რეგულაციები დაიცვან.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, აუცილებელია, პოლიტიკურმა სუბიექტებმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებები გაიზიარონ და ვირუსის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ.

„ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებები გავიზიაროთ ბოლომდე და პოლიტიკურმა პარტიებმა, სუბიექტებმა ჩვენდაუნებურად ვირუსის გავრცელებას ხელი არ შევუწყოთ.

ობიექტურობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც რიგ შემთხვევებში არასათანადოდ იცავს ხოლმე დადგენილ ნორმებს, თუმცა მასშტაბი აბსოლუტურად განსხვავებულია ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან შედარებით, როდესაც მათი ნაწილი საერთოდ უგულველყოფს რეგულაციებს და პრაქტიკულად ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას.

მართალია, კანონით კონკრეტული რეგულაციები პოლიტიკურ აქტივობებს არ ეხება და არ ზღუდავს, მაგრამ ყველამ უნდა გამოვიჩინოთ კეთილგონიერება, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული რეგულაცია და საარჩევნო პროცესის მშვიდობიან წარმართვასთან ერთად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ნუ დავდგებით ვირუსის მხარეს, დავდგეთ ადამიანების ჯანმრთელობის, ქვეყნის ეკონომიკის, მისი შეუფერხებელი განვითარების სადარაჯოზე და მაქსიმალურად დავიცვათ რეგულაციები. გარდა ამისა, კარგი იქნებოდა, რომ როგორც ჩვენ მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება და რეაქცია ბატონი ამირანის განცხადებასთან დაკავშირებით, ჩვენი ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც შეუერთდნენ ამ მოწოდებას და თავიანთ მხარდამჭერებს, აქტივისტებს, ზოგადად საზოგადოებას მოუწოდონ რეგულაციების დაცვისკენ, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი პასუხისმგებლიანი ნაბიჯი საიმისოდ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მაინც გავერთიანდეთ. მოწოდება იყოს საერთო, რომ ამით გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და ეკონომიკის შეუფერხებელ განვითარებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შეხვედრები ღია სივრცეში პირბადის გამოყენებით გამართონ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები