“ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე”

“ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე”

ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და სამედიცინო პერსონალის მუშაობას, კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პატიმარი მიხეილ სააკაშვილი მე-12 დაწესებულებაში შესახლების დღიდან სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული. ყველა სამედიცინო მომსახურება, რომელიც მას ესაჭიროებოდა, მიეწოდა. მისი უფლებები არის დაცული, რისი ნათელი დასტურიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მომჩივნის ერთადერთი მოთხოვნა სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის თაობაზე. ეს გარემოება ნათლად უსვამს ხაზს ჩვენი თითოეული მოქმედების კორექტულობას და ერთგულებას ჭეშმარიტი დასავლური ღირებულებებისა. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილს ამ წუთამდე არ შეუსრულებია სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებული მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე, რომლითაც საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანების ჯანმრთელობას.

სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ ის გარემოებაც, რომ დესტრუქციულ ოპონენტებს ნაცვლად იმისა, გადაედგათ ჰუმანური ნაბიჯი და მოეწოდებინათ მისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სრულიად გაუგებრად იყენებდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საკუთარი ვიწრო, მერკანტილური პოლიტიკური ინტერესებისთვის,რასაც არაფერი აქვს საერთო ადამიანურ თანადგომასთან.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წუთებიდან სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი გახდა ადამიანი, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით გაჩნდა კონსტიტუციური ვალდებულება, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა ჩვენი უპირობო ერთგულებისა იმ იდეალებისადმი, რისთვისაც ათეულობით წლების განმავლობაში იბრძოდა ქართველი ერი და რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სწორედ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სისრულეში მოსაყვანად, რომელსაც ობსტრუქციული პოლიტიკური ძალის წაქეზებით არ ასრულებს პატიმარი სააკაშვილი, ვთავაზობთ შემდეგს, რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება, შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

მოვუწოდებთ ყველას მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ. სიძულვილის ენის აქამდე გაუგონარი მასშტაბით გამოყენების და კანონმორჩილ თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე დაუყოვნებლივ თავდასხმის შეწყვეტისკენ.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ღირსეულ თანამშრომლებს, რომლებიც განუხრელად და მტკიცედ არიან კანონის სადარაჯოზე და ხელს უწყობენ სამართლის აღსრულებას. ასევე განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც 24 საათის განმავლობაში გმირულად არის ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები