“ნაცმოძრაობის“ მობრუნება ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება

“ნაცმოძრაობის“ მობრუნება ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება

საზოგადოებრივი მოძრაობა “მე ვიცავ თავისუფლებას” წევრები ხვალ, 7 ნოემბერს 14:00 საათზე რუსთაველის თეატრში შეიკრიბებიან. მოძრაობის წარმომადგენელები აცხადებენ, რომ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა არ უნდა გაიმარჯვოს და ხვალ საერთო სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. ისინი საზოგადოებას რუსთაველის თეატრში მისვლისკენ მოუწოდებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მოძრაობის წარმომადგენლებმა – პოეტმა დავით მაღრაძემ, მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ და ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა რამდენიმე დღის წინ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრეს.
“გვაქვს იმედი და რწმენა იმისა, რომ მთელი საქართველო დავდგებით ერთად იმ მოჩვენებითად მოსალოდნელი საფრთხის, აგრესიული რევანშის წინააღმდეგ, ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებთ აგრესიის მატარებელ რევანშს, რომელსაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“. იმის იმედი და რწმენა გვაქვს, რომ მთელი საქართველო დავდგებით და ეს იქნება უზარმაზარი, დიდი, ვრცელი, ფართო და შინაარსიანი გაერთიანება.
7 ნოემბერს ყველას გვახსოვს რა სისხლიანი კალო მოაწყო რუსთაველის გამზირზე მაშინდელმა ხელისუფლებამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამის მეხსიერების, ზედაპირზე ამოსატანად და გამარჯვებისთვის ვიკრიბებით რუსთაველის თეატრში 14:00 საათზე, 7 ნოემბერს. მინდა, დიდი მოკრძალებით მივმართო საქართველოს მოსახლეობას: ქუდზე კაცი არჩევნებზე! მე დავიცავ ჩემს თავისუფლებას“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.
ნიკუშა შენგელაიას თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებზე „არა“ უნდა უთხრან.
„დღეს სამწუხაროდ, აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომ მიმდინარეობს რეანიმაცია იმ აბსოლუტურად მიუღებელი ძალის, წარსულის, რომელიც ჩვენ ამ 9 წლის განმავლობაში გავიარეთ. თქვენ ხედავთ ჩვენს უკან როგორი კარგი ახალგაზრდობა დგას. ამ ახალგაზრდებს აღარ უნდათ წარსული. ჩვენ გვინდა ბევრად უფრო იმედიანი მომავალი, ბევრად უფრო ნათელი, საინტერესო. მოგმართავთ იმ ადამიანებს, რომლებიც განაწყენებული იყავით, არ მიხვედით პირველ ტურზე, ჩვენ საარჩევნო დღეს, საარჩევნო უბნებთან აუცილებლად უნდა დავაყენოთ ღირსეული, თავისუფალი ადამიანების რიგები, რომ ერთხელ კიდევ დაინახოს მთელმა მსოფლიომ, რომ ჩვენ, იმ თავისუფლებას, რაც მოვიპოვეთ 2012 წელს, არ დავთმობთ არაფრის ძალით“, – განაცხადა შენგელაიამ.
ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნება ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.
„მინდა, ყველას უმორჩილესად ვთხოვო, რომ გაიხსენონ არცთუ შორეული წარსული, გაიხსენონ ქუჩაში დახვრეტილი 160 ბიჭი, მოსახლეობის ტერორი, რაც ქვეყანაში ტრიალებდა, ის სადიზმი, რასაც ციხეში ატარებდა ე.წ. ნაციონალური ხელისუფლება. ის გაჩუქებული, გასხვისებული ტერიტორიები, რომელიც, როგორც საკუთარი სხეულის ნაწილი, ისე ჩამოგვაჭრეს. დაფიქრდით, გაიხსენეთ 7 ნოემბერი, 26 მაისი, გამოიტანეთ დასკვნა, თუ რა შეიძლება მოხდეს და რა შეიძლება მობრუნდეს ქვეყანაში. ნამდვილად არ მეგონა თუ ამ საშიშროების წინაშე დავდგებოდით ისევ. გთხოვთ, დაივიწყოთ პირადი წყენა, გამწარება, ბევრი ძალიან მძიმე დღეშია ისევ, მოდით ეს ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და დავაყენოთ საკითხი – საქართველო უნდა იყოს, თუ არ უნდა იყოს. ასე დგას საკითხი დღეს. „ნაცმოძრაობის“ მობრუნება ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან გთხოვთ, ამ კატასტროფაში ნუ ჩავაგდებთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ოთხმეზურმა.
მოძრაობამ რამდენიმე დღის წინ მიმართვაც გაავრცელა, სადაც ასევე მოუწოდა საზოგადოებას 7 ნოემბერს რუსთაველის თეატრში შეკრებისკენ.
მიმართვას ხელს აწერენ: დავით მაღრაძე, კოკა გუნცაძე, გიორგი ხაინდრავა, კოტე ჯანდიერი, ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ბათიაშვილი, თამაზ ჯოლოგუა, ირაკლი მეძმარიაშვილი, ნიკუშა შენგელაია, მამუკა მიქელაძე, თემურ ნანეიშვილი, დაჩი ცაგურია, ვანო კიღურაძე, ქეთი დუმბაძე, დავით უჯმაჯურიძე, თაზო გამცემლიძე, ზაზა შათირიშვილი, გიორგი ზერეკიძე, ვახტანგ შაქარიშვილი, გიორგი აბდალაძე, აკა დუმბაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, გია გაბრიჭიძე, ლევან ჯაფარიძე, ქეთი ჟორჟოლიანი, ნუცა აბაშიძე, ნინო ჭანტურია, სერგი შუღაროვი, ლევან კობალაძე, ლევან მაჭარაშვილი, მალხაზ თოფურია, თემურ რადიანი, ირაკლი ჭანტურია, კობა დავითაშვილი, გიორგი უძილაური, კობა გოცირიძე, გოჩა გუგუნავა, ლაშა გიორგაძე, თამარ სანოძე, ირაკლი ყაჭიური, თეა გაბადაძე, ნინო სუთიძე, რომა შაქარიშვილი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები