“ნაცმოძრაობის ლიდერები პატარა პარტიებს აბულინგებს, მათ შორის ალეკო ელისაშვილს”

“ნაცმოძრაობის ლიდერები პატარა პარტიებს აბულინგებს, მათ შორის ალეკო ელისაშვილს”

სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საქართველოში. სხვა პარტია ვერ განვითარდა ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაუსწროს რეიტინგით, ეს სამწუხარო რეალობაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, სწორედ ამიტომ განაცხადა სენატორმა ჯიმ შაჰინმა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს.

მთავარი პრობლემა არის, რომ პატარა პარტიებს მართლაც უჭირთ, რადგან პრაქტიკულად, ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელშია დიდი ფინანსური რესურსი, თავის დროზე მოპარული თანხები. ყველამ ხომ ვიცით და ვხედავდით, რომ მათი მთავარი სამარკო ნიშანი ფასადური მშენებლობა იყო, ხელოვნური, მოჩვენებითი, ფასადური აღმშენებლობა. რეალურად, მივიღეთ რამდენიმე პიარული პროექტი. ერთი, ორი პროექტი განხორციელდა, რათა ფასადზე გამოდებულიყო. მაგრამ შემდეგ ვხედავდით, რომ მაგალითად, მარჯანიშვილზე როდესაც გაივლიდი, გარედან ძალიან ლამაზი იყო, ხოლო გვერდიდან ჩამონგრეული კედლები გხვდებოდა და მუშტი რომ მიგერტყა, შეიძლებოდა​ გიფსოკარდონში ხელი შესულიყო. ანუ, საოცრებებთან გვქონდა საქმე და ფასადური აღმშენებლობით ამ ადამიანებს რაღაც პროგრესთან დაკავშირება უნდათ. მაგრამ რეალურად, ესენი იყვნენ ელიტარული კორუფციის წარმოუდგენელი მასშტაბის შემოქმედი ხალხი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერების ხელში არის დიდი ფინანსური და მედიარესურსი, მცირე პარტიებს კი ამისი გათვალისწინება უწევთ.

„„ნაცმოძრაობის“, მისი ლიდერების და ლიდერის ხელში არის დიდი ფინანსური რესურსი, ასევე მედიარესურსი. ბუნებრივია, პატარა პარტიებს არ ვამართლებ, მაგრამ მათ ამ მომენტის გათვალისწინება უწევთ. მათი დაბულინგების შესახებ ჰაერზე არ ვლაპარაკობთ, რეალურად ბულინგდებიან. იმხელა მედიარესურსი აქვთ, რომ აქვთ საშუალება, „გააშავონ“, მათ რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედონ. გახსოვთ, ალეკო ელისაშვილზე რა მასშტაბის კამპანია წამოვიდა. ამის ეშინიათ, ვიღაცამ გაუძლო, ვიღაც ვერ უძლებს და ბულინგდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები