„ნაცმოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს“

„ნაცმოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს“

სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, „ნაცმოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ ღია წერილში.

ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის ჩამოსვლის ვერსიებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიაჩნია.

​„მეგობრებო, ალბათ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს, რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში თავისი ავანტურისტული ჩამოსვლა დაგეგმა.

ვერსია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგი ფიქრობს, რომ ძალაუფლების დაბრუნების წყურვილმა, ეგოიზმმა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებზე ეჭვიანობამ სძლია და ყურადღების ცენტრში მოსაქცევად, შეგნებულად ჩაჯდა ციხეში.

ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა.

მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია და არც ახალაია და ციხეში დიდხანს დარჩენას ვერ შეეგუება. სააკაშვილის ეს მდგომარეობა გუნდში მძიმედ მიიღეს, თუმცა, არც იციან, რა უნდა მოიმოქმედონ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლის ზემოთ ჩამოთვლილ ვერსიებს.

ის ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია. მით უმეტეს, ეს რომ ნდომოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად (რამდენად არარელევანტურადაც არ უნდა ჟღერდეს სააკაშვილთან მიმართებით) შემოვიდოდა და ჩაჯდებოდა ციხეში. ამგვარი ნაბიჯით ის გაამძაფრებდა მისსავე გზავნილს საქმეების შეკერვისა და პოლიტპატიმრობის შესახებ. ახლა კი, როდესაც ის საქართველოში ახალი დანაშაულის ჩადენის გზით შემოვიდა, მან ამ გზავნილს ფორმალური საფუძველიც კი გამოაცალა.

ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი.

შესაბამისად, ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა.

აქვე საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული. მისივე გეგმის მიხედვით 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა. სააკაშვილს შეიძლება აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები