„ნაციონალური მოძრაობის“ ყალბი გვერდები და პროფილები facebook-მა დაბლოკა და პირდაპირ მიუთითა, რომ ეს გააკეთა ჩვეულებრივი მომხმარებლების მიმართვების საფუძველზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყალბი გვერდები და პროფილები facebook-მა დაბლოკა და პირდაპირ მიუთითა, რომ ეს გააკეთა ჩვეულებრივი მომხმარებლების მიმართვების საფუძველზე. „ნაცების“ ერთი გვერდი, რომელიც დაიბლოკა, რამდენიმე წლის ნაგროვები „ლაიქებით“, 400 000-მდე იყო ასული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, თუ ვის წინააღმდეგ მოქმედებდნენ „ფეიკ“ პროფილები სიცრუით.
„ეს იყო ეკლესია და პატრიარქი, საქართველოს ხელისუფლება. მარტო კრიტიკა რომ იყოს, ამაზე არ არის საუბარი. სიცრუე და დეზინფორმაცია – ეს იყო მათი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ნიშანი და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ექიმებისა და covid19-თან ბრძოლის ღონისძიებების წინააღმდეგ იყო მიმართული მათი განცხადებები. როცა ბრძოლაშია ჯარისკაცი და მას ზურგიდან ურტყამ ფეიკ ნიუსებით, ეს ცალკე ბოროტება და მავნებლობაა. ობიექტურობა მოითხოვს, ვთქვა, რომ ვისიც არ უნდა იყოს ფეიკ გვერდი, როგორ კეთილშობილურ მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს, მაინც ცუდია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Facebook-ის ადმინისტრაციამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პირებთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაში წერია, Facebook-მა არაავთენტური ქმედებების გამო წაშალა Facebook-ის 23 ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Instagram-ის 9 ანგარიში. Facebook-ის ადმინისტრაციის განმარტებით, ამ საქმიანობის უკან მყოფი პირები იყენებდნენ ავთენტური და ყალბი ანგარიშების კომბინაციას და მართავდნენ ჯგუფებსა და გვერდებს, რომლებიც თავს ასაღებდნენ საინფორმაციო ორგანიზაციებად.