“ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის ახალ წინადადებას ხელს არ აწერს”

“ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის ახალ წინადადებას ხელს არ აწერს”

ორ მთავარ საკითხზე შეთანხმება უნდა მოხდეს და ეს ორი მთავარი საკითხია პოლიტიკური დევნილების გათავისუფლება, ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლება, რაც იყო ნაწილი 8 მარტის შეთანხმების. ასევე ვადამდელი არჩევნები აუცილებელი წინა პირობაა, რათა ქვეყანაში მოგვარდეს კრიზისი“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის ახალ წინადადებას ხელს არ აწერს.

„ამ ვერსიით, რაც არის წარმოდგენილი და ამ მდგომარეობით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აწერს ხელს შემდეგი მიზეზების გამო. პირველ რიგში, ბუნდოვანი არის პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა. აქ არის საუბარი გირაოზე და იცით ჩვენი პოზიცია გირაოს გადახდაზე ნიკა მელიას შემთხვევაში. აქ არის საუბარი ამნისტიაზე და იმ ჩანაწერით, რაც არის ამ შეთანხმებაში, ესაა ძალიან ფართო ამნისტია და მოიცავს ასევე იმ ადამიანებს, იმ საჯარო მოხელეებს, ვინც გადამეტებული ძალის გამოყენებით და გადამეტებული ძალადობით ზიანი მიაყენა ადამიანებს, რომლებიც გამოხატავდნენ თავის პროტესტს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ეს მიდგომა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ ასეთ ამნისტიაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ასევე ამ შეთანხმების სუსტი წერტილებია ის, რომ ცესკოს თავმჯდომარე უნდა დარჩეს კიდევ ორი წელი. ანუ ადგილობრივ არჩევნებზე კიდევ უნდა იყოს თამარ ჟვანია და გაურკვეველია ზოგადად ამ დოკუმენტით, როდის ხდება ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილება. გენერალური პროკურორი ისევ უნდა დარჩეს 5 წლის განმავლობაში. ახალ მოსამართლეებზე საუბარი არ არის, ძველი მოსამართლეები არიან და რეალური სასამართლო რეფორმა ვერ განხორციელდება, თუ სისტემაში არ არიან დამოუკიდებელი მოსამართლეები.

და ბოლოს, ის შემოთავაზება, რომელიც ეხება ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიბმას ვადამდელ არჩევნებზე, ეს არის არასწორი მიდგომა, თვისობრივად სხვადასხვა არჩევნებია და ასეთი მიდგომა უფრო გაამძაფრებს, დაამძიმებს ვითარებას და მეტ პოლარიზებას მოახდენს. ამიტომ ჩვენთვის არის მიუღებელი“, – აღნიშნა მინაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები