ნათია თურნავა რუსთავში მსხვილ მეტალურგიულ საწარმოებს – „რუსთავის ფოლადსა” და „ჯეოსთილს” ეწვია

ნათია თურნავა რუსთავში მსხვილ მეტალურგიულ საწარმოებს – „რუსთავის ფოლადსა” და „ჯეოსთილს” ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა რუსთავში მსხვილ მეტალურგიულ საწარმოებს – „რუსთავის ფოლადსა” და „ჯეოსთილს” ეწვია და მათ საწარმოო პროცესს გაეცნო. მისი თქმით, ორივე საწარმოს დაწყებული აქვს გადაიარაღება, ხელისუფლება კი ეცდება წარმოებებს ხელს შეუწყოს, რომ მათ სტანდარტებს უპასუხონ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ ყოვლისა, ვნახოთ, თუ როგორ ემზადებიან აღნიშნული საწარმოები, რომ გახდნენ უფრო ენერგოეფექტურები. ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული გეგმები. ორივე საწარმოს დაწყებული აქვს გადაიარაღება, ცვლიან ტექნოლოგიურ პროცესს იმისთვის, რომ ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარონ, ატმოსფეროში ნაკლები გაფრქვევა იყოს და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ქარხნებში ენერგოეფექტურ საწარმოებად გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს, რაც ენერგეტიკაში ჩვენი მასშტაბური რეფორმის გამოძახილია. ეს იქნება ჩვენი მოთხოვნა და ჩვენ ამ პროცესს არამარტო დავაკვირდებით, არამედ წარმოებებს ხელსაც შევუწყობთ, რომ ამ სტანდარტებს უპასუხონ”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მედიასთან საუბრისას საწარმოების დათვალიერების შემდეგ.
მისივე თქმით, ორივე საწარმოში 2500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო აღნიშნული მეტალურგიული საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის. ამჟამად, საწარმოებში ტექნოლოგიური გადაიარაღება მიმდინარეობს, მათ შორის, ეკოლოგიური სტანდარების დაცვის მიმართულებით.
ეკონომიკის მინისტრმა, ასევე, აქცენტი გააკეთა შიდა და საგარეო ბაზრებზე საწარმოთა მხარდაჭერის პროცესზე.
„მნიშვნელოვანი იყო, გვემსჯელა, თუ როგორ ამოვუდგეთ გვერდში აღნიშნულ საწარმოებს საგარეო ბაზრებზე, რადგან პროდუქცია ექსპორტზე გააქვთ. მათ სჭირდებათ სერიოზული მხარდაჭერა, რათა კონკურენტულ და თანაბარ პირობებში აღმოჩდნენ სხვა საერთაშორისო გლობალურ კონკურენტებთან მიმართებით, ასევე, მხარდაჭერა შიდა ბაზარზეც – ჩვენ შემოგვაქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენციის სამართლიან წესებს და ბაზარსა და მომხმარებელს დაიცავს უხარისხო ანალოგებისგან”, – განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, ის მომავალშიც ადგილზე მოინახულებს ასეთ საწარმოებს და, მათ ხელმძღვანელობასთან ერთად, მონახავს მათი პრობლემების გადაჭრის გზებს.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1-ელი მაისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო. მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს ელექტროენერგიის საბაზრო ფასად შესყიდვის შესაძლებლობა მიეცათ, მათ შორისაა – „რუსთავის ფოლადი” და „ჯეოსთილი”.
„ბაზრის დერეგულირების რეფორმის ეს მიმართულება მნიშვნელოვანია პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოებისთვის, რომ მათ გაზარდონ საკუთარი წარმოების ენერგოეფექტურობა და იფიქრონ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე“, – აღნიშნა მინისტრმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები