ნათია მეზვრიშვილმა ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ნათია მეზვრიშვილმა ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით, დაზარალებულები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, თუმცა ამის მიუხედავად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, დამნაშავე პირების მიმართ დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
„რაც შეეხება ახალქალაქის ინციდენტს, ყოველგვარი ძალადობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს ძალადობა განხორციელებული, არის მიუღებელი. თუმცა, ამავდროულად მიუღებელია, რაც მე მოვისმინე რამდენიმე განცხადება ამ საქმესთან დაკავშირებით. ულტიმატუმებით საუბარი საგამოძიებო ორგანოსთან და რაღაც ვადების დაწესება, რომ თუ ვთქვათ, 24 საათში, თუ 48 საათში, ეს საქმე არ იქნება გამოძიებული და ა.შ. გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში კონკრეტული პირები მიეცნენ, ამისთვის საჭიროა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამ საგამოძიებო მოქმედებებს სჭირდება დრო და გაწერილია შესაბამისი პროცედურები, რომელთა დაცვითაც ეს ყველაფერი უნდა ჩავატაროთ. მიუღებელია ასეთი განცხადებები იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულები არ თანამშრომლობენ. არ თანამშრომლობენ, არ ცხადდებიან გამომძიებელთა მიერ მითითებულ დროს, თუმცა მიუხედავად ამისა დავუცდით ჩვენ, როცა სურვილი ექნებათ მობრძანდებიან, გამოვკითხავთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. არანაირი პრობლემა არ არის თუ დადგინდება და შესაბამისი მტკიცებულებები იქნება, ყველა ის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მიეცემა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ისევე, როგორც არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. დღეის მდგომარეობით არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტზე 15 პირია პასუხისგებაში მიცემული. როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. შესაბამისად დანაშაული თუ დადგინდება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. გამოძიება მიმდინარეობს 239-ე მუხლით, რომელიც ხულიგნობას გულისხმობს და ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. როგორც კი იქნება პირველივე შესაძლებლობა, სურვილი, ვთხოვთ დაზარალებულებს მობრძანდნენ და მისცენ გამომძიებლებს ჩვენება. ყველა, ვისაც საქმესთან შემხებლობა აქვს და რაიმე ტიპის ინფორმაციას ფლობს, ვალდებულია, რომ ინფორმაცია მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოს. გამოიკითხებიან ეს პირები, თუმცა, მხოლოდ გამოკითხვებს არ ველოდებით, მათზე არ ვართ დამოკიდებულები. სხვა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება, რომლებმაც უნდა მიგვიყვანოს უკვე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხამდე. ბუნებრივია, მხარეები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ, თუმცა ამას გამოძიება დაადგენს მას შემდეგ, რაც გამოიკითხებიან პირები. როდესაც ჩვენ უკვე კონკრეტული ინფორმაციები გვექნება, ისევე მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას, როგორც სხვა შემთხვევებში“. – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები