ნათია მეზვრიშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან ქუჩური გარჩევის კრიმინალიზების შესახება ისაუბრა.

ნათია მეზვრიშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან ქუჩური გარჩევის კრიმინალიზების შესახება ისაუბრა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან ქუჩური გარჩევის კრიმინალიზების შესახება ისაუბრა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვას, ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს.
“ზღვარი ქუჩურ გარჩევასა და კამათს შორის ძალიან მარტივია – საუბარია, თუ გარჩევა უკანონო მეთოდების გამოყენებით, ძალადობით, ძალადობის მუქარით ხდება; მაგალითად, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით და ასე შემდეგ – ეს დაისჯება სისხლის სამართლის წესით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ამ მეთოდების გამოყენება ისედაც დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით. თუმცა, ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებაზე მიმართული სპეციალური მუხლი უფრო ეფექტურს გახდის კრიმინალური მენტალიტეტისა და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას.
მისივე თქმით, კანონპროექტის მიხედვით, სანქციის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით, დამამძიმებელ გარემოებაში კი – მაგალითად, ქუჩურ გარჩევაში არასრულწლოვნის ჩაბმის შემთხვევაში – სანქცია სამ წლამდე გაიზრდება.
„სპეციალური მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ჩვენ არ გვაქვს – რასაც ჰქვია ქუჩური გარჩევები და ამ მიზნით შეკრება, ამ მიზნით შეკრებაში მონაწილეობა და ძალადობრივი მეთოდების გამოყენება. გვაქვს სხვადასხვა მუხლი, როგორიცაა: ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები; მაგრამ სპეციალური მუხლი ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო გამიზნულად ვებრძოლოთ ამ ტიპის დანაშაულს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ კრიმინალური სამყაროსა და, ზოგადად, კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა, სამინისტროს გაცხადებული პრიორიტეტია.
„ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ ჩვენ ამ თემაზე საუბარი – უკვე გავახორციელეთ ცვლილებათა ერთი პაკეტი – ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონპროექტი, რომელმაც პრაქტიკაში წარმატებით იმუშავა და, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს 5-ჯერ გაიზარდა კანონიერი ქურდებისა და ქურდული სამყაროს წევრების წინააღმდეგ დევნის დაწყების მაჩვენებელი. ქუჩური გარჩევების კრიმინალიზება ამ პოლიტიკის გაგრძელება”, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები