ნათია მეზვრიშვილი ბარნოვის ქუჩაძე მომხდარ მკვლელობას ეხმაურება

ნათია მეზვრიშვილი ბარნოვის ქუჩაძე მომხდარ მკვლელობას ეხმაურება

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ბარნოვის ქუჩაძე მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვეფხია ბაქრაძის შეწყალება, რომელიც წარსულში ოჯახში ძალადობისთვის იყო გასამართლებული, გაუმართლებელია.
„ერთი რამის თქმა შემიძლია ამ ფაქტთან დაკავშირებით. ამ ადამიანს ბრალი წარსულში ოჯახში ძალადობისთვის ედებოდა. მან მეუღლეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა, სწორედ იმ მეუღლეს, რომლის შვილის მკვლელობაშიც ახლა ედება ბრალი. არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, შეწყალება გამართლებული იყო. ჩვენი მკაცრი პოლიტიკის პრაქტიკაში, ეფექტიანი აღსრულება და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა ვერ მოხდება, თუ ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის პრეზიდენტი, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან მიმართებაში, მკაცრ პოლიტიკას არ გაატარებს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისივე განმარტებით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის წარედგინა, რაც უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
შს მინისტრი განმარტავს, რომ სამინისტრო ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ, საკმაოდ მკაცრ პოლიტიკას ახორციელებს.
„პრაქტიკაში, აღსრულების პროცესში ეს ასეა – ბოლო პერიოდის სტატისტიკას თუ გადახედავთ, 800-ზე მეტი პირია დაკავებული ბოლო სამი თვის განმავლობაში და 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერია გამოცემული, ანუ პრაქტიკა, ამ მიმართულებით, ჩვენი მხრიდან გატარებული პოლიტიკა, საკმაოდ მკაცრია. შემაკავებელი ორდერი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ მოძალადის ქცევის შეკავება და ძალადობის თავიდან არიდება მოახდინოს. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც მხოლოდ შემაკავებელი ორდერი საკმარისი არ არის. ასეთი შემთხვევების დროს, სათანადო იძულების ღონისძიებების გამოყენება ხდება. ეს იქნება დაკავება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, თუ სხვა ღონისძიებები, რასაც კანონი ითვალისწინებს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა და აღნიშნა, რომ შემაკავებელი ორდერი საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტია.
ცნობისათვის, მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბაქრაძე ადრე ნასამართლევია ოჯახური ძალადობის ბრალდებით და ის პრეზიდენტის შეწყალებით რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები