მზად ვარ, უარი ვთქვა საკუთარი თანამდებობრივი სარგოს ზრდაზე-ბორჯომის მერი

მზად ვარ, უარი ვთქვა საკუთარი თანამდებობრივი სარგოს ზრდაზე-ბორჯომის მერი

რიგ პოლიტიკურ ძალებს სურთ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ, ისინი საუბრობენ, თითქოს მე მსურს საკუთარი თანამდებობრივი სარგოს გაზრდა და სწორედ ამის გამოა ბორჯომში მსგავსი ვითარება შექმნილი, – ამის შესახებ ბორჯომის მერის განცხადებას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

”უკანასკნელი 3 თვის მანძილზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს არ მიუღიათ კუთვნილი ანაზღაურება, რაც საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის და მისი გავლენის ქვეშ მყოფი საკრებულოს წევრების დესტრუქციული ქმედებების შედეგია. მათი ვიწროპარტიული ინტერესების გამო თვეების განმავლობაში უხელფასოდაადარჩენილი ასეულობით ადამიანი, რომელთა უკანაც ოჯახები დგანან.

მსგავსი დესტრუქციული სახის ქმედებები აფერხებს მუნიციპალური სამსახურების გამართულ საქმიანობას, ამის გამო კი მოსახლეობას შესაბამისი სერვისებით სარგებლობის საშუალება არ ეძლევა. რიგ პოლიტიკურ ძალებს სურთ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ, ისინი საუბრობენ, რომ თითქოს მე მსურს საკუთარი თანამდებობრივი სარგოს გაზრდა და სწორედ ამის გამოა ბორჯომში მსგავსი ვითარება შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობრივი სარგოს ზრდას კანონი ითვალისწინებს, როგორც მუნიციპალიტეტის დემოკრატიულად არჩეული მერი, მზად ვარ უარი ვთქვა საკუთარ ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე.

მივმართავ საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მხარდამჭერებს, უარი თქვან დესტრუქციულ ქმედებებზე, გვერდზე გადადონ ვიწროპარტიული ინტერესები და მხარი დაუჭირონ მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლისთვის კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ზრდას, საშუალება მისცენ მერიის თანამშრომლებს სრულყოფილად განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები და დაასრულონ ის დესტრუქციული ქმედებები, რომელსაც ადგილი აქვს უკანასკნელი დღეების და თვეების მანძილზე”, – აცხადებს ლიპარტია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები