მუზეუმებიდან კულტურის სამინისტროში გატანილი ექსპონატები დღეს მუზეუმებს უბრუნდება

მუზეუმებიდან კულტურის სამინისტროში გატანილი ექსპონატები დღეს მუზეუმებს უბრუნდება

საქართველოს კულტურის მინისტრის ინიციატივით, 2021 წლის აპრილში დაიწყო იმ ექსპონატების შეგროვების პროცესი, რომლებიც სხვადასხვა დროს სამინისტროში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და საქართველოს ეროვნული გალერეიდან იქნა შეტანილი. ამ პროცესის შედეგად მოძიებული 12 ექსპონატი დღეს ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მუზეუმებს დაუბრუნდა. ესენია:
ელენე ახვლედიანი, „ფასანაური“;
ელენე ახვლედიანი, „ძველი ქუთაისი“;
ედმონდ კალანდაძე, „ძველი სასაფლაო – ბაზილიკა“;
გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „ნატურმორტი“;
გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „პეიზაჟი“;
ლევან ლაღიძე, „განდევნა“;
სერგო ქობულაძე, „რუსთაველი“;
სერგო ქობულაძე, „დანტე“;
იდა ოცხელი, „ფოთოლცვენა“;
რადიშ თორდია, „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“;
მიხეილ ხვიტია, „შემოდგომა“;
თენგიზ ცხონდია, „ძველი თბილისის კუთხე“.

დღეს ეს ექსპონატები სამინისტროს შენობაში გამოიფინა და საჯაროდ დაუბრუნდა მუზეუმებს.

„ამით გვინდა დავასრულოთ ის არასასურველი ტრადიცია, რომლის თანახმადაც, კულტურის სამინისტროს მუზეუმებიდან ფაქტობრივად უვადოდ გაჰქონდა სხვადასხვა ექსპონატი სამინისტროს ინტერიერის მოსართავად. მუზეუმების ფონდების კუთვნილი ექსპონატების ადგილი არის მუზეუმში, რათა ისინი გამოიფინოს და ნახოს ხალხმა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მუზეუმებიდან სამინისტროში სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) გატანილ ექსპონატებში აღმოჩნდა დანაკლისი. კერძოდ, 3 ექსპონატი არ აღმოჩნდა სამინისტროში, ხოლო 4 ექსპონატი გატანილი აღმოჩნდა 2010 წელს ჩეხეთში საქართველოს საელჩოში.

„ჩვენ გვაქვს ფაქტებით გამყარებული ვარაუდი, რომ საბედნიეროდ, ეს ექსპონატები დაკარგული არ არის. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ჩეხეთიდან 4 ექსპონატის დაბრუნების პროცესი, რომლებიც მალე უნდა დაუბრუნდეს მუზეუმს, ხოლო 3 ექსპონატის ბედის გამოსარკვევად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 20 აპრილს ჩვენ მიერ წამოწყებული ხელოვნების მუზეუმის აღდგენის პროცესში, პირველ რიგში, სწორედ ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდი აღიწეროს, სადაც, როგორც ჩანს, ყველაზე მეტი პრობლემა დაგროვდა არაერთი წლის განმავლობაში“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.

კატეგორიები: კულტურა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები