“მთლად ახალი ფურცლიდან ვერ დავიწყებთ, მაგრამ შერიგების შედეგი უნდა იყოს არა ერთად საქეიფოდ სიარული, არამედ ახალ დღის წესრიგზე შეთანხმება”

“მთლად ახალი ფურცლიდან ვერ დავიწყებთ, მაგრამ შერიგების შედეგი უნდა იყოს არა ერთად საქეიფოდ სიარული, არამედ ახალ დღის წესრიგზე შეთანხმება”

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, შერიგება და ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგზე შეთანხმება საჭიროა.

„პოლიტიკური დღის წესრიგი აღარ უნდა ეთმობოდეს ზიზღსა და გინებას. მე ვარ ადამიანი, რომელიც ძალიან გაქაფული ვიყავი და არავის სიტყვას არ ვარჩენდი, რაც არ არის პოლიტიკოსობა და ქვეყნის სამსახური. ახალ დღის წესრიგზე უნდა შევთანხმდეთ. ბევრი რაღაც დამიშავებია, ბევრი ზედმეტად გამილანძღავს, ზოგი შეიძლება, დაუმსახურებლად და მეც ვარ მზად, რომ შევინანო და მოლაპარაკებების მაგიდასთან დავჯდე. ამაში ყველა გულწრფელი უნდა იყოს, გულწრფელი სინანული უნდა იყოს და არა ისე, რომ შერიგებაზე საუბრობენ და მესამე წინადადებაში ზიზღის ფრქვევა იწყება. შერიგება რატომ გვინდა? იმისთვის კი არ უნდა იყოს, რომ ერთმანეთს ხელი გადავხვიოთ და საქეიფოდ ვიაროთ ყოველ საღამოს, არამედ გვინდა ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, სადაც მთავარი იქნება ქვეყნისა და ხალხის პრობლემებზე ზრუნვა და არა ზიზღის ფრქვევა. მთლად ახალი ფურცლიდან ვერ დავიწყებთ, მაგრამ შერიგების შედეგი უნდა იყოს არა ერთად საქეიფოდ სიარული, არამედ ახალ დღის წესრიგზე შეთანხმება. არხებზე გადართავ და ერთმანეთს ლანძღავენ. ეს უნდა შევწყვიტოთ და ქვეყანაზე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი გზა სამართლებრივი გზაა.

„სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი გზა არის, რაც არის სამართლებრივი გზა. ქართულ სასამართლოს არ ენდობა და სტრასბურგის სასამართლოა. სხვა გზას ვერ ვხედავ. დამოკიდებულება – ჩემს დაბადების დღეზე შეიკრიბეთ და არიქა, შემოვარდით და ამ სატანჯველიდან გამომიხსენით, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება. სააკაშვილი კი არა, ვინც არ უნდა იყოს. მაშინ, ყველა პატიმარი იტყვის, შემოვარდიო და ვისაც მეტი ახლობელი და მეგობარი ჰყავს, შევარდებიან“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები